რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადის პარლამენტმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო

კანადელმა კანონმდებლებმა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარებას მხარი დაუჭირეს. პარლამენტის წევრების თქმით, საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულებია.

კანადის თემთა პალატის განცხადებით, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები მასობრივი სისასტიკის, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობის, გვამების შეურაცხყოფის, უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციის, წამების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანისა და გაუპატიურების შემთხვევებს მოიცავს.

კანადის მთავრობა ასევე აცხადებს, რომ თემთა პალატა ისეთი კანონის შემუშავებას გეგმავს, რომელიც ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში ჩამორთმეული ქონებისა და ფუფუნების საგნების უკრაინის აღსადგენად, ან რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყენების საშუალებას მისცემს.

აპრილის დასაწყისში, კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ტერმინი "გენოციდი" აბსოლუტურად სწორად და ზუსტად მიესადაგება რუსეთის ქმედებებს. 

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა. თუმცა, მოგვიანებით დასძინა, რომ საერთაშორისო სამართლის იურისტებმა უნდა გადაწყვიტონ, აკმაყოფილებს თუ არა ჩადენილი დანაშაულები გენოციდის კრიტერიუმებს.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები