NATO-შვედეთი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა

Henrik Montgomery/TT News Agency

17 მაისს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს ხელი მოაწერა

"ძალიან დიდი და სერიოზული შეგრძნებაა. მივედით იმ დასკვნამდე, რაც შვედეთისთვის საუკეთესოა. არ ვიცით, ამას რა დრო დასჭირდება, თუმცა, ჩვენი გამოთვლით, შესაძლოა, ერთი წელი გაგრძელდეს. ამ კვირაში ფინეთთან ერთად წარვადგენთ განაცხადს და შემდეგ ის NATO-ს მიერ იქნება განხილული". – თქვა ლინდმა. 

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა შვედეთი და ფინეთი "ღიად უჭერენ მხარს ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიას/სახალხო თავდაცვის შენაერთს (PKK/YPG), რომლებიც უტევს თურქეთს, კლავს ჯარისკაცებს და ხალხს".

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წლიდან არის.

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას

კომენტარები