დნესტრისპირეთი

დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე

დნესტრისპირეთი

დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე

მოლდოვის დნესტრისპირეთის საკითხი 1992 წლის შემდეგ ისეთი აქტუალური არასდროს ყოფილა, როგორც დღესაა. მიმდინარე ომის დროს, ეს სეპარატისტული ტერიტორია 3 ქვეყნისთვის – უკრაინისთვის, რუსეთისა და, რა თქმა უნდა, მოლდოვისთვის ახალ სტრატეგიულ გამოწვევებს დაუკავშირდა. 

ესკალაცია დნესტრისპირეთში გამოიწვია პროვოკაციულმა თავდასხმება, რომელთა უკანაც რუსეთის ფედერაცია უნდა იდგეს. არსებობს საფრთხე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონსაც შეეხოს და გაყინული კონფლიქტი კვლავ გადაიზარდოს კიშინიოვისა და მარიონეტული ტირასპოლის შეიარაღებულ დაპირისპირებაში.

უკრაინელი მაღალჩინოსნების, კერძოდ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის მხრიდან გაიჟღერა თეორიულად შესაძლო შეთავაზებამაც, რომ მოლდოვის მიერ თხოვნის შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული ძალები სეპარატისტული რეგიონის დაკავებას შეძლებენ.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ 8 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა დნესტრისპირეთში სეპარატისტები სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადაიყვანა. ცნობა ტირასპოლის მარიონეტულმა რეჟიმმა უარყო.

მოვლენების ესკალაცია

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დნესტრისპირეთის რეგიონმა ახალი სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიის გარშემო კითხვის ნიშნები გააჩინა ბრიტანეთის დაზვერვის მიერ 10 აპრილს გავრცელებულმა ინფორმაციამაც, რომლის მიხედვითაც რუსეთი დნესტრისპირეთში უკრაინაში წასაყვანი მებრძოლების რეკრუტირებას ცდილობდა. აქამდე, რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის გენერალურმა შტაბმა რუსეთის ფედერაცია გააფრთხილა, რომ თუ სამხედრო თვითმფრინავებით ჯარის დნესტრისპირეთში გადასხმას ეცდებოდნენ, მათ ჩამოაგდებნენ. ამ ყველაფერს მოჰყვა უკრაინის დაზვერვის 11 აპრილის ცნობა, რომლის მიხედვითაც რუსეთი დნესტრისპირეთში პროვოკაციებს, შემდეგ კი მათი კიევისთვის დაბრალებას აპირებდა.

მოვლენებს კიდევ უფრო საეჭვო ელფერი მარტის დასაწყისში დნესტრისპირეთის ე.წ. მთავრობის მოთხოვნებმა შესძინა. მას შემდეგ, რაც მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე ოფიციალურად განაცხადა, სეპარატისტულმა ტირასპოლმა კიშინიოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ და ორი სახელმწიფოს მშვიდობიანი “განშორებისკენ” მოუწოდა

უკვე 22 აპრილს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა ღიად დაასახელა უკრაინაში ომის ახალი ეტაპის ძირითადი მიზნები, რომელთა შორის დნესტრისპირეთისკენ გზის გახსნაც იყო ნახსენები.

"უკრაინის სამხრეთზე კონტროლი – ეს კიდევ ერთი გზაა დნესტრისპირეთისკენ,  სადაც ასევე ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები", - ამბობდა მინეკაევი. 

მინეკაევის სიტყვებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში პროვოკაციების სერია დაიწყო. 25-26 აპრილს დნესტრისპირეთში სამი აფეთქება მოხდა. პირველად ყუმბარმტყორცნიდან სეპარატისტული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ესროლეს. ამას მოჰყვა ტირასპოლის შემოგარენში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქება, შემდეგ კი მაიაკის დასახლებასთან რადიოგადამცემი ხაზების აფეთქება. 25 აპრილის შემთხვევას მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა და ინციდენტის მიზნად სიტუაციის გამწვავების საბაბის შექმნა დაასახელა.

ყუმბარმტყორცნი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით პირველი აფეთქების შემთხვევის ადგილზე იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით უშიშროების საბჭო მოიწვიეს კიშინიოვშიც და ტირასპოლშიც. მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, "დნესტრისპირეთში არის დაძაბულობა სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული". უკრაინულმა დაზვერვამ ტერაქტებში რუსული მხარე დაადანაშაულა.

პროვოკაციები აქ არ დასრულებულა. 26 აპრილს დნესტრისპირეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ გამოაცხადა, რომ თავდასხმების კვალი უკრაინამდე მიდიოდა. უკვე 27 აპრილს სეპარატისტულმა ე.წ. მთავრობამ უკრაინა რუსული იარაღის საწყობის მიმართულებით სროლასა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაში დაადანაშაულა. საზღვარზე არსებული დაძაბულობა ამ დრომდე შენარჩუნებულია და ბრალდებები უფრო და უფრო პროვოკაციული ხდება. დნესტრისპირელი სეპარატისტების 7 მაისს გავრცელებული ბრალდებით, 24 საათის განმავლობაში, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უკრაინელებმა დრონებით ოთხი იერიში მიიტანეს.

სეპარატიზმი მოლდოვაში

1990-იან წლებში, მოლდოვაში, როგორც ბევრ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, თავი იჩინა მწვავე გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა. ქვეყანაში სეპარატიზმის კერები საბჭოთა კავშირის დანგრევამდე არსებობდა. მოლდოვის აღმოსავლეთში სხვადსხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობდნენ, ძირითადად რუსები, უკრაინელები და გაგაუზები – ეთნიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც ძირითადად მართლმადიდებლები არიან, ლინგვისტურად კი თურქულ ენებს ენათესავებიან. პარალელურად, მიხაილ გორბაჩოვის პერესტროიკისა და გლასნოსტის რეფორმებმა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებას ხელი შეუწყო, ამ გრძნობების მოზღვავებამ კი, უკვე 1990-იან წლებში გარკვეულ ეთნიკურ უმცირესობებში შიშები გააჩინა, რაც შემდეგში კრემლმა საკუთარ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია.

მოლდოვაში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მოლდოვის ეროვნულმა ფრონტმა. პოლიტიკური მოძრაობის მთავარი მოთხოვნები, რომლებიც 1989 წლის აგვისტოში მოლდოვის საბჭოთა ხელისუფლების მიერ შესრულდა, იყო მოლდოვურის ოფიციალურ ენად გამოცხადება, ლათინური ანბანის დაბრუნება და მოლდოველთა და რუმინელთა საერთო ეროვნების აღიარება. საუბარი იყო რუმინეთთან გაერთიანებაზეც. ამ მოვლენების პარალელურად, ეთნიკური უმცირესობების შიშები იზრდებოდა და მათ საპასუხო გააქტიურებას იწვევდა. 

დნესტრისპირეთის გარდა მოლდოვას კიდევ ერთი სეპარატისტული კერა ჰქონდა. ჯერ კიდევ 1989 წელს, გაგაუზი ხალხის გაერთიანებამ საბჭოთა კავშირის შიგნით გამოაცხადა გაგაუზიის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა, რომელიც მოლდოვის სსრ-ს შემადგენლობაში იქნებოდა, თუმცა მოლდოვის საბჭოთა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად ცნო.

გაგაუზი ხალხის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლეონიდ დობროვის სიტყვით გამოსვლა. 1990 წელი. დემონსტრანტს უჭირავს მოძრაობის დროშა.

უკვე 1990 წლის აგვისტოში, გაგაუზების პოლიტიკურმა გაერთიანებამ კიდევ ერთხელ გადადგა სეპარატისტული ნაბიჯი – ამჯერად გამოსცეს დეკლარაცია მოლდოვის რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობის შესახებ. მათ სურდათ გაგაუზიის რესპუბლიკის შექმნა, რომელიც სსრკ-ს შემადგენლობაში იარსებებდა. ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად, მოლდოველი მოხალისეების რაზმები რეგიონის მიმართულებით დაიძრნენ, დაპირისპირებისთვის ემზადებოდნენ გაგაუზებიც.

1990-1994 წლებში არსებული არაღიარებული გაგაუზიის რესპუბლიკა

საბოლოოდ, კონფლიქტში საბჭოთა ჯარის ჩართვით სისხლისღვრის თავიდან არიდება შესაძლებელი გახდა. თუმცა რეგიონზე კონტროლი კვლავ დე ფაქტო მთავრობამ შეინარჩუნა. მწვავე დაპირისპირება არც სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაწყებულა და 1994 წლის ბოლოს ე.წ. გაგაუზიის რესპუბლიკამ მოლდოვასთან რეინტეგრაცია დაიწყო. დღეს ამ რეგიონს მოლდოვის რესპუბლიკაში გაგაუზიის ადმინისტრატიული გაერთიანების სტატუსი აქვს და შიდა ავტონომიით სარგებლობს. რაც შეეხება დნესტრისპირეთს, აქ სიტუაცია ბევრად უფრო გამწვავდა. 

ბესარაბიის საკითხი

დნესტრისპირეთის კონფლიქტის განხილვამდე, საჭიროა ამ რეგიონზე მცირე წარმოდგენის შექმნა. 

ეს ტერიტორია საბჭოთა კავშირისთვის მუდამ წარმოადგენდა პოლიტიკურ ბერკეტს, რომელიც ბესარაბიის საკითხის გადასაჭრელად სჭირდებოდა. ჯერ კიდევ 1812 წელს, რუსეთის იმპერიამ ოსმალეთის იმპერიასთან გაფორმებული ბუქარესტის ზავით რუმინული სათავადო მოლდავეთის ბესარაბიის რეგიონის ანექსია შეძლო და აქ გუბერნია დააარსა. შეთანხმების გაფორმებამდე, რუსეთს თურქებთან ომის განმავლობაში ტერიტორიის ნაწილი უკვე ოკუპირებული ჰქონდა. 

1829 წელს, კვლავ ოსმალეთთან გაფორმებული ადრიანოპოლის ზავის შედეგად, რუსეთს გადაეცა დუნაის ყელის ტერიტორია, რომელიც ასევე ბესარაბიის გუბერნიას შეუერთდა. ეს პოლიტიკური ერთეული რუსეთის შემადგენლობაში 1917 წლამდე შედიოდა, მანამ, სანამ რეგიონმა ჯერ დამოუკიდებლობა არ გამოაცხადა, შემდეგ კი რუმინეთის სამეფოს არ შეუერთდა. 

საბჭოთა კავშირს ყოფილი იმპერიის ტერიტორიულ პრეტენზიებზე ხელი არ აუღია და ბესარაბიის დასაბრუნებლად გეოპოლიტიკური საყრდენის მზადება დაიწყო. ამ მიზნით, 1924 წელს, უკრაინის სსრ-ს შემადგენლობაში, შექმნეს მოლდავეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. სწორედ ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი არის დღევანდელი დნესტრისპირეთი, ასევე მოიცავდა დღევანდელი უკრაინის მიწებსაც. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი მოლდოველი ცხოვრობდა, ეს ტერიტორია ბესარაბიის ნაწილი არ ყოფილა და ამ ავტონომიის შექმნა მეზობელ ტერიტორიების შემოერთებისთვის მზადების ნაწილი იყო, რაც მოხდა კიდეც. 

1939 წლელს საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის გაფორმებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გადანაწილების შესაბამისად, 1940 წელს სსრკ-მ რუმინეთის სამეფოს ბესარაბიის რეგიონის გადმოცემა მოსთხოვა, რასაც ეს უკანასკნელი წინ ვერ აღუდგა. შედეგად, მოლდავეთის ასსრ-სთან გაერთიანებით, შეიქმნა მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მეორე მსოფლიო ომის დროს, მესამე რაიხის მოკავშირე რუმინეთის სამეფომ ბესარაბიის ტერიტორია ფაქტობრივად დაიბრუნა და საკუთარი ადგილობრივი მთავრობაც დასვა, თუმცა 1944 წელს სსრკ-მ მასზე კონტროლი აღადგინა. საბოლოოდ ეს ტერიტორია მოლდავეთისა და უკრაინის სსრ-ებს შორის განაწილდა.

ლურჯ საზღვრებში - რუმინეთის სათავადო (1878-1881) და რუმინეთის სამეფო (1881-1913)
ყვითელი საზღვარი - დიდი რუმინეთი (1918-1940)
წითელი საზღვარი - რუმინეთის რესპუბლიკა (1948-დღემდე)

როდესაც ზემოხსენებული ნაციონალისტური ტალღა მოლდოვაშიც მომძლავრდა, დნესტრისპირეთში შესაბამისად გაიზარდა არამოლდოველი ეთნიკური ჯგუფების შფოთიც. 1990 წლის სექტემბერში დაარსება გამოაცხადა დნესტრისპირეთის მოლდავურმა საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ. სსრკ-ს ლიდერმა, მიხაილ გორბაჩოვმა ეს გადაწყვეტილება არ დაამტკიცა, თუმცა, ამან სიტუაცია არსებითად ვერ შეცვალა, თვითგამოცხადებული სსრ-ს მთავრობამ ტერიტორიის ნაწილზე კონტროლი მოიპოვა. უკვე 1991 წლის ნოემბერში ე.წ. დნესტრისპირეთის მოლდავურმა სსრ-მ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საკუთარ თავს დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა უწოდა.

კონფლიქტი დნესტრისპირეთში

დაპირისპირებას პირველი მსხვერპლი 1990 წლის ნოემბერში მოჰყვა, როდესაც ქალაქი დუბესარის მაცხოვრებლები რამდენიმე ადგილობრივ სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ და გზები, მათ შორის მდინარე დნესტრზე გადებული ხიდი, გადაკეტეს. როდესაც მოლდოველ პოლიციელებს გზის გახსნისას შეეწინააღმდეგნენ, სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს, რასაც დუბესარის სამი მაცხოვრებელი შეეწირა. დაძაბულობა ამავე ქალაქში გარგძელდა, განსაკუთრებით 1991 წლის შემოდგომაზე. შეტაკებებში ერთმანეთს მოლდოვის სპეციალური დანიშნულების ძალები და ადგილობრივები უპირისპირდებოდნენ. საბოლოოდ, სამართალდამცველებს დუბესარის დატოვება მოუწიათ. ამავე წლის დეკემბერში მოლდოვის ძალებმა კიდევ ერთხელ სცადეს დნესტრზე გადებული ხიდის გადაკვეთა, თუმცა კვლავ უშედეგოდ.

მოლდოველი მოხალისეები დნესტრისპირეთის ომში

შეიარაღებულმა შეტაკებებმა უფრო აქტიური სახე უკვე 1992 წლის გაზაფხულზე მიიღო. დუბესარის გარდა გაიხსნა სხვა ფრონტებიც. მნიშვნელოვანი შეტაკებები ხდებოდა ქალაქ ბენდერაში (იგივე ტიგინა). სეპარატისტების ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკურ გვარდიას რუსი კაზაკების მოხალისეობრივი შენაერთები და რაც მთავარია, საბჭოთა მე-14 გვარდიული არმია ეხმარებოდა. ამას გარდა, სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ უკრაინელი მოხალისეებიც, რადგან დნესტრისპირეთში დიდი უკრაინული ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობდა. 

დნესტრისპირელი სეპარატისტი მებრძოლები. 1992 წლის ივნისი.

მართალია დნესტრისპირეთში არსებული დაძაბულობა გარეგანად ეთნიკური კონფლიქტის სახეს ატარებდა, თუმცა მისი შედეგები განსხვავდებოდა ამავე პერიოდის ყარაბღისა და აფხაზეთის ომებისგან, რადგან ეთნიკურ წმენდას მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში ადგილი არ ჰქონია. 

1989 წელს ამ რეგიონში მოსახლეობის 39.9% მოლდოველი, 28.3% – უკრაინელები, 25.5% – რუსები, 6.4% კი სხვა ეროვნების წარმომადგენლები წარმოადგენდნენ. 2004 წელს დნესტრისპირეთში ჩატარებული არაღიარებული აღწერით,  მოსახლეობის 31.9% მოლდოველი, 30.3% – რუსი, უკრაინელები კი 28.8% იყო . სეპარატისტულ რეგიონში ბოლოს, 2015 წელს ჩატარებული მსგავსი აღწერის მიხედვით, რუსები რეგიონში მცხოვრებთა 29.1%-ს, მოლდოველები 28.6%-ს, უკრაინელები კი 22.9%-ს შეადგენდნენ. 

დნესტრისპირელი სეპარატისტები რუსეთისა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დროშებით გაფორმებულ ქვეითთა საბრძოლო მანქანაში. წარწერა - ПМР (დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა). 1992 წელი.

მართალია 26 წლის განმავლობაში მოლდოველების რიცხვი 11.3%-ით შემცირდა, თუმცა ეს მასიური ეთნიკური წმენდის შედეგი არ ყოფილა. კონფლიქტი უფრო მეტად პოლიტიკური უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეთნიკური. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ორივე მხარეს დახოცილ მებრძოლთა შორის იყვნენ როგორც მოლდოველები, ისე რუსები და უკრაინელები. ომის პარალელურად კი სლავები კიშინიოვის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ.

ამიტომ, რთულია დნესტრისპირეთის კონფლიქტისთვის მხოლოდ ეთნიკური მიზეზების მორგება. პროცესები მოსკოვის მიერ ორკესტრირებული იყო, რეგიონში ეთნიკური საკითხის პრობლემაც კი ხელოვნურად შეიქმნა. 1960-იან წლებამდე დნესტრისპირეთის აბსოლუტური უმრავლესობა მოლდოველი იყო.მათი პროცენტული კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის საბჭოთა ფედერალისტური სოციალისტური რესპუბლიკის განაპირა რეგიონებიდან აქ ქარხნებში სამუშაოდ ხალხის ჩამოსახლება დაიწყეს. მაგალითისთვის, დნესტრისპირეთის პირველი ე.წ. პრეზიდენტი იგორ სმირნოვი 1985 წელს, ციმბირიდან ჩამოვიდა. ამას გარდა, ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან დნესტრისპირეთის პლაცდარმად მზადება დაწყებული იყო, რადგან ქვეყნის დანარჩენ ნაწილში რუსიფიკაციის წინააღმდეგ ნაციონალისტური სენტიმენტები თანდათან იზრდებოდა, ამ რეგიონში კი უმრავლესობას სლავები წარმოადგენდნენ, ხოლო საბჭოთა რეჟიმის მიმართ ერთგულება, ქვეყნის დასავლეთთან შედარებით, უფრო მაღალი იყო. მე-14 გვარდიული არმიის ბაზაც კიშინიოვიდან ტირასპოლში (დღევანდელი დნესტრისპირეთის ე.წ. რესპუბლიკის დედაქალაქში) 1984 წელს გადაიტანეს.

დნესტრისპირელი სეპარატისტები. 1992 წლის აპრილი.
Getty Images

ყოფილი საბჭოთა მე-14 არმიის მხარდაჭერა ომის ბედის გადამწყვეტი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია კონფლიქტში ოფიციალურად ნეიტრალურ მხარეს ინარჩუნებდა, ეს სამხედრო დანაყოფი, ფაქტობრივად, სრულად მოსკოვს ემორჩილებოდა. არსებობდა იმის საფრთხეც კი, რომ  მე-14 არმიის რაზმები დნესტრისპირეთს დატოვებნდნენ და მოლდოვის სიღრმეში შეიჭრებოდნენ, რამაც კიშინიოვის მთავრობის ნაჩქარევი სამხედრო მოქმედებების დაწყება გამოიწვია. საბოლოოდ, 1992 წლის 21 ივლისს რუსეთსა და მოლდოვას შორის გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლითაც ომი დასრულდა. მე-14 არმიის შენაერთების ნაწილი დნესტრისპირეთში შემცირდა და დარჩა მათი 1300 სამხედრო, რომელთაც რუსეთის სამშვიდობო მისიის წარმომადგენლების სტატუსი მიენიჭათ.

სამშვიდობო მისიის რუსი და მოლდოველი სამხედროები დნესტრისპირეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. 2002 წლის სექტემბერი.
Getty Images

მე-14 გვარდიულ არმიას სახელი 1995 წელს შეეცვალა და ეწოდა დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ოპერატიული ჯგუფი, რომელიც რეგიონში დღემდე რჩება. რა თქმა უნდა, სამშვიდობოები, რეალურად, მოსკოვისთვის მოლდოვაზე გავლენის მთავარ ბერკეტად იქცა. მისი მეშვეობით კიშინიოვს ხელს უშლიდნენ ისეთ გეგმებში, როგორიცაა რუმინეთთან გაერთიანება ან ევროპულ ინსტიტუციებში გაწევრიანება. დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებს არჩევნების დროს პრორუსი კანდიდატების მხარდასაჭერადაც იყენებდნენ. 2016 და 2019 წლებში მოლდოვის მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტული რეგიონიდან,  ათობით ათასი ამომრჩეველი გადაიყვანეს, რათა ხმა მოსკოვისთვის სასარგებლო კანდიდატისთვის მიეცათ. ამას გარდა, დნესტრისპირეთი მოლდოვის მთავარი კონტრაბანდისტული სქემების, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, მთავარ საყრდენად იქცა. კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის მოლაპარაკებები ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამჟამად სამშვიდობო პროცესი, ფაქტობრივად, ჩიხშია.

დნესტრისპირეთის დღევანდელი მნიშვნელობა

როგორც რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილის ნათქვამიდან გამოჩნდა, მოსკოვის გეგმაშია არა მხოლოდ აღმოსავლეთ, არამედ მთელი სამხრეთ უკრაინის დაკავებაც და ამ ქვეყნის შავ ზღვაზე გასასვლელისგან მოწყვეტა. ამჟამინდელი სურათით,  ოკუპანტებისთვის ამ გეგმის სრულად შესრულება შეუძლებელი იქნება. შავ ზღვაზე მდებარეობს უკრაინის ორი მნიშვნელოვანი ქალაქი, მარიუპოლი და ოდესა. მარიუპოლის ალყამ აჩვენა, რომ კრემლის გეგმები მათი სურვილების შესაბამისად არ ვითარდება. ქალაქი, რომელიც ახლოს მდებარეობს რუსეთის მომარაგების ხაზებთან და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების განაპირას, ფიზიკურად ვერ გატეხეს და მარიუპოლში ტერიტორიების დაკავება საკმაოდ გაჭიანურდა. 

თუ რუსეთს მთელი სამხრეთ უკრაინის დაკავებაზე აქვს პრეტენზია, მარიუპოლის მსგავს წინააღმდეგობას ოდესაშიც უნდა ელოდოს. ეს ქალაქი მოლდოვის საზღვრებთან, კერძოდ სეპარატისტულ დნესტრისპირეთთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. თუ კიევი ოდესაზე იერიშსა და მის ალყაში მოქცევას გადაწყვეტს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტირასპოლის მარიონეტული რეჟიმის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორია ამ თავდასხმის დასავლეთ პლაცდარმი იქნება. აღმოსავლეთ საყრდენად მოსკოვს ყირიმის ნახევარკუნძული გამოადგება და აქედან ჯარის მომარაგებას, სავარაუდოდ, მეტ-ნაკლებად დაარეგულირებს. თუმცა, აქამდე ოკუპანტებს ქალაქ ნიკოლაევზე კონტროლის დამყარება მოუწევთ, რასაც ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

თუმცა, საკითხავია ისიც, თუ რამდენად შეძლებს რუსეთი დნესტრისპირეთის სამხედრო თვალსაზრისით სტრატეგიულ გამოყენებას. როდესაც 2020 წელს ტირასპოლის ე.წ. მთავრობამ რუსეთს სამშვიდობო მისიის 4200 კაცამდე გაზრდა სთხოვა, რუსულ სამთავრობო მედიაში წერდნენ, რომ აქ, იმ პერიოდისთვის, 400 რუსი სამხედრო იმყოფებოდა, თუმცა, ცნობების მიხედვით, რეგიონში 1500-დან 2000-მდე რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცი იმყოფება. ამას გარდა, დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არმიაში მსახურობს 4000-დან 7000-მდე ჯარისკაცი, რომლებიც რუსი სამხედროების ოპერატიულ ჯგუფში არიან ინტეგრირებული. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორიც. სეპარატისტულ რეგიონში, სოფელ კობასნაში მდებარეობს მე-14 გვარდიული არმიის იარაღის საწყობი. აქ შენახულია ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან და ჩეხოსლოვაკიიდან წამოღებული შეიარაღება და ტყვია-წამალიც. სხვადასხვა ინფორმაციით, საწყობში მთლიანობაში 20 000 ტონამდე საბრძოლო მასალაა განთავსებული. მართალია წლების განმავლობაში დნესტრისპირეთში სამხედრო წვრთნებს უფრო და უფრო აქტიურად ატარებდნენ, თუმცა სეპარატისტი ჯარისკაცებისა და ე.წ. სამშვიდობოების ბრძოლისუნარიანობა ცალკე საკითხია. უკრაინაში მოსკოვის ორკესტრირებულმა საომარმა მოქმედებებმა რუსეთის სამხედრო სიძლიერესთან დაკავშირებით უკვე მრავალი კითხვა გააჩინა.

რუსი სამშვიდობოები დნესტრისპირეთის ე.წ. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე. 2015 წლის 2 სექტემბერი.

საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც მოვლენების ესკალაციაში არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, თუმცა ყურადღებას იმსახურებს. სანამ რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი რუსტამ მინეკაევი ღიად გამოაცხადებდა დნესტრისპირეთამდე გზის გაჭრის გეგმებს, რუსულ პროპაგანდისტულ საიტებზე უკვე დაწყებული იყო საუბარი ე.წ. “ნოვოროსიის” შესახებ. პრორუსი აქტივისტები გამოთქვამდნენ საკუთარ ვარაუდსა და იმედებს, რომ სამხრეთ უკრაინის ქალაქები და ამას გარდა, მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიებიც კი, გაერთიანდებოდა ამ ახალ ფედერაციულ სუბიექტში, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შევიდოდა.

ე.წ. ნოვოროსიის რუკა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში პრორუსი პროპაგანდისტების მიერ ვრცელდება. რუკაზე გამოსახულ ტერიტორიაში შედის დონბასის რეგიონი, სამხრეთ უკრაინის ტერიტორია და დნესტრისპირეთი.

პარალელურად, კიევის მიმართ ბრალდებების დაწყებამდე, ტირასპოლის მარიონეტული ე.წ. მთავრობა შეუდგა ნაციზმთან დაკავშირებული რუსული რიტორიკის გამოყენებას. დნესტრისპირეთის ე.წ. პრეზიდენტმა 12 აპრილს განაცხადა, რომ "არ დაუშვებდნენ" საკუთარ ტერიტორიაზე ნაციმზისა და ფაშიზმის არსებობას. მაიორი მინეკაევის სიტყვები, რომ დნესტრისპირეთში "ასევე ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები", პირდაპირ ქმნის მომდევნო ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე ახალი "დენაციფიკაციის ოპერაციის" ან მსგავსი მოქმედებების შესაძლებლობის საფრთხეს. ამას გარდა, ამჟამად მოლდოვის სეპარატისტული რეგიონი არის ერთადერთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს და მისი დამოუკიდებლობა ჯერ არ გამოუცხადებია. თუ კრემლმა მინეკაევის ნახსენები გეგმების განხორციელება მართლაც შეძლო, შემდეგი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ომის მუდმივი საფრთხის წინაშე იდგება, მოლდოვა გახდება. პარალელურად, შავი ზღვა, ფაქტობრივად, რუსეთის კონტროლირებად ტბად იქცევა.

თუ დნესტრისპირეთში დაძაბულობის ესკალაცია გაგრძელდება და სეპარატისტული რეჟიმი კიევს პირდაპირ დაუპირისპირდება, კიშინიოვი რთული არჩევნის წინაშე დადგება, თუ რა მოიმოქმედოს ამ რეგიონთან მიმართებაში. მოლდოვის ამჟამინდელი პრობლემა ისაა, რომ მათი შეიარაღებული ძალები, უკრაინისგან განსხვავებით, კონფლიქტისთვის მზად არ არიან. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ეტაპზე, როგორც მოვლენებიდან ჩანს, რუსეთს კონფლიქტის სხვა ქვეყნებში გავრცელება არ უნდა აწყობდეს, რადგან ამისთვის საკმარისი რესურსების გამოყოფის ფუფუნება არ ექნებათ. მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლოა, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში დაძაბულობის ზრდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონცენტრირების გაფანტვასა და დონბასის მიმართულებიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდეს.

საომარი ვითარება უკრაინაში 2022 წლის 9 მაისისთვის.
ISW

ესკალაციის შემთხვევაში, კიევს დნესტრისპირეთში მოქმედება მართლაც მოუწევს, თუმცა არა ისე, როგორც ამის შესაძლებლობას ოლექსი არესტოვიჩი განიხილავდა. არესტოვიჩი ამბობდა, რომ მოლდოვის მხრიდან თხოვნის შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული ძალები დნესტრისპირეთის დაკავებას "რამენაირად" შეძლებდნენ. კიშინიოვიდან ამ სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, ჯარების ამ მიმართულებით გადმოტყორცნა და სეპარატისტული რეგიონის დაკავების მცდელობა კიევის მხრიდან სტრატეგიული შეცდომა იქნება, რადგან ერთი ფრონტის გაძლიერება, მეორეს შესუსტებას ნიშნავს.

კომენტარები