დნესტრისპირეთი

სეპარატისტული დნესტრისპირეთის საგარეოს ცნობით, უკრაინის საზღვართან თავდასხმა მოხდა

დნესტრისპირეთის გერბი

მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 მაისს, უკრაინის საზღვართან, რიბნიცას რაიონში უპილოტო საფრენი მოწყობილობებით, დრონებით, რამდენიმე დარტყმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

სეპარატისტული დნესტრისპირეთის ე.წ-მა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეთქებისგან გაჩენილი კრატერების ფოტოები გამოაქვეყნა და დასძინა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტალი იგნატიევმა Reuters-თან ინტერვიუში უარი თქვა იმის აღნიშვნაზე, ადანაშაულებს თუ არა თავდასხმაში ე.წ დნესტრისპირეთის ხელისუფლება უკრაინას და თქვა, რომ "ამჟამად, ექსპერტები ამ საქმეს იკვლევენ".


25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. პირველად ყუმბარმტყორცნიდან სეპარატისტული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ესროლეს. ამას მოჰყვა ტირასპოლის მახლობლად მყოფ სოფელში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქება, შემდეგ კი მაიაკის დასახლებასთან რადიოგადამცემი ხაზების აფეთება მოხდა. 

25 აპრილს მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა სეპარატისტულ რეგიონში მომხდარ პირველ შემთხვევას და ინციდენტის მიზნად სიტუაციის გამწვავების საბაბის შექმნა დაასახელა.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, დნესტრისპირეთის გარშემო არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭო მოიწვია.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა სვერდლოვსკის რეგიონის თავდაცვის მრეწველობის კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნები დაასახელა. მიზნებში ნახსენები იყო დნესტრისპირეთთან სახმელეთო დერეფნის შექმნა.

"უკრაინის სამხრეთზე კონტროლი – ეს კიდევ ერთი გზაა დნესტრისპირეთისკენ,  სადაც ასევე ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები. როგორც ჩანს, ახლა მთელ მსოფლიოს ვეომებით, როგორც დიდ სამამულო ომში იყო, მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ახლაც ასეა, მათ რუსეთი არასდროს ჰყვარებიათ". – ამბობდა მინეკაევი.

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, "დნესტრისპირეთში არის დაძაბულობა სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული".

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი იყო, ხოლო დნესტრისპირეთის ე.წ. პრეზიდენტი ადანაშაულებს კიევს და ამბობს, რომ თავდასხმების კვალი უკრაინამდე მიდის.

27 აპრილს დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა ე.წ. მთავრობამ უკრაინა რუსული იარაღის საწყობის მიმართულებით სროლაში დაადანაშაულა.

1990-1992 წლებში მოლდოვაში მიმდინარეობდა დნესტრისპირეთის კონფლიქტი. დაძაბულობამ პიკს 1992 წელს მიაღწია, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და გამოცხადებული იყო მოლდოვის რესპუბლიკა. ომი სამშვიდობო შეთანხმებით ამავე წელს დასრულდა.

დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 გვარდიული არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება.

კომენტარები