დნესტრისპირეთი

სანდუ: დნესტრისპირეთში დაპირისპირებული არიან ძალები, რომელთაც დესტაბილიზაცია სურთ

მაია სანდუ
Reuters

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, დნესტრისპირეთში არის დაძაბულობა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ.

"ჩვენი ამჟამინდელი ანალიზი აჩვენებს, რომ დნესტრისპირეთში არის დაძაბულობა სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციით არიან დაინტერესებული. ეს დნესტრისპირეთს საფრთხეში აგდებს და საფრთხის წინაშე აყენებს მოლდოვას. ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევასა და მცდელობას ჩათრეულ იქნას მოლდოვა ქმედებებში, რომლებმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მშვიდობას". – თქვა მაია სანდუმ.

მოლდოვის ხელისუფლება არ აპირებს დნესტრისპირეთის ბლოკირებას და პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრა სურთ. სანდუ არ გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოებას.

მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ დნესტრისპირეთში ტირასპოლის აეროდრომთან აფეთქება მოხდა. 

25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. პირველად ყუმბარმტყორცნიდან სეპარატისტული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ესროლეს. ამას მოჰყვა ტირასპოლის მახლობლად მყოფ სოფელში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქება, შემდეგ კი მაიაკის დასახლებასთან რადიოგადამცემი ხაზების აფეთება მოხდა. 

25 აპრილს მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა სეპარატისტულ რეგიონში მომხდარ პირველ შემთხვევას და ინციდენტის მიზნად სიტუაციის გამწვავების საბაბის შექმნა დაასახელა.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, დნესტრისპირეთის გარშემო არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭო მოიწვია.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა სვერდლოვსკის რეგიონის თავდაცვის მრეწველობის კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნები დაასახელა. მიზნებში ნახსენები იყო დნესტრისპირეთთან სახმელეთო დერეფნის შექმნა.

"უკრაინის სამხრეთზე კონტროლი – ეს კიდევ ერთი გზაა დნესტრისპირეთისკენ,  სადაც ასევე ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები. როგორც ჩანს, ახლა მთელ მსოფლიოს ვეომებით, როგორც დიდ სამამულო ომში იყო, მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ახლაც ასეა, მათ რუსეთი არასდროს ჰყვარებიათ". – ამბობდა მინეკაევი.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი იყო, ხოლო დნესტრისპირეთის ე.წ. პრეზიდენტი ადანაშაულებს კიევს და ამბობს, რომ თავდასხმების კვალი უკრაინამდე მიდის.

1990-1992 წლებში მოლდოვაში მიმდინარეობდა დნესტრისპირეთის ომი. დაძაბულობამ პიკს 1992 წელს მიაღწია, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და გამოცხადებული იყო მოლდოვის რესპუბლიკა. ომი სამშვიდობო შეთანხმებით ამავე წელს დასრულდა.

დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 გვარდიული არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება.

კომენტარები