დნესტრისპირეთი

ლავროვი მოლდოვას: ჩვენი სამხედროებისთვის საფრთხის შექმნა, რუსეთზე თავდასხმას გაუტოლდება

სერგეი ლავროვი
AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოლდოვას აფრთხილებს, რომ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში რუსი სამშვიდობოებისთვის საფრთხის შექმნა რუსეთზე თავდასხმად იქნება აღქმული. მან ამ საკითხზე საუბრისას 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიც ახსენა.

"ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აღქმული იქნება, როგორც თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე, როგორც ეს სამხრეთ ოსეთში იყო, როცა ჩვენს სამშვიდობოებს სააკაშვილი დაესხა თავს". – თქვა ლავროვმა. 

ამას გარდა, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლდოვაში რუსულენოვანი ხალხის ინტერესები დაცული იყოს.

სერგეი ლავროვმა ახსენა მოლდოვის ავტონომიური ერთეულიც, გაგაუზიის რეგიონი, სადაც თურქულენოვანი გაგაუზები ცხოვრობენ და 90-იან წლებში სეპარატისტული მოძრაობა არსებობდა. ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ გაგაუზიას შიდა ავტონომია გააჩნია და მოლდოვას ამ რეგიონის მცხოვრებლების ინტერესებზე დაფიქრებისკენ მოუწოდა. 

1990-1992 წლებში მოლდოვაში მიმდინარეობდა დნესტრისპირეთის კონფლიქტი. დაძაბულობამ პიკს 1992 წელს მიაღწია, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და გამოცხადებული იყო მოლდოვის რესპუბლიკა. ომი სამშვიდობო შეთანხმებით ამავე წელს დასრულდა.

დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 გვარდიული არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება.

ამ წლის გაზაფხულში, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რამდენიმე კვირით სიტუაცია დაიძაბა დნესტრისპირეთის გარშემოც, მას შემდეგ, რაც აქ რამდენიმე პროვოკაცია მოაწყვეს.

ვრცლად დნესტრიპსირეთის კონფლიქტისა და გაზაფხულის დაძაბულობის შესახებ წაიკითხეთ აქ – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.

კომენტარები