დნესტრისპირეთი

მოლდოვა დნესტრისპირეთზე: დღევანდელი ინციდენტის მიზანი გამწვავების საბაბის შექმნაა

დნესტრისპირეთის სეპარატისტული ძალები პარადზე. 2013 წლის 2 სექტემბერი
EPA/Stringer

მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში 25 აპრილს მომხდარ შემთხვევას და ინციდენტის მიზნად სიტუაციის გამწვავების საბაბის შექმნა დაასახელა.

"დღევანდელი ინციდენტის მიზანი – შექმნილიყო საბაბი დნესტრიპსირეთის რეგიონში, რომელსაც საკონსტიტუციო ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის გამწვავებისთვის. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რეინტეგრაციის ბიურო მოგიწოდებთ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად ვაგრძელებთ სიტუაციის განვითარებაზე თვალის დევნებას". – აღნიშნული იყო მოლდოვის რეინტეგრაციის ბიუროს განცხადებაში.

25 აპრილს მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები დგას, ქალაქ ტირასპოლში ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი იყო.

ადგილობრივი მედიების ინფორმაციით, შენობის შემოგარენში იპოვეს ყუმბარმტყორცნი, რომლიდანაც, შესაძლოა, ე.წ. სამინისტროსთვის ესროლათ. 

შენობიდან გამოდიოდა ბოლი და ფანჯრები ჩამსხვრეული იყო. არ არის ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ.

სამი დღის წინ, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა სვერდლოვსკის რეგიონის თავდაცვის მრეწველობის კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნები დაასახელა. მიზნებში ნახსენები იყო დნესტრისპირეთთან სახმელეთო დერეფნის შექმნა.

"უკრაინის სამხრეთზე კონტროლი – ეს კიდევ ერთი გზაა დნესტრისპირეთისკენ,  სადაც ასევე ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები. როგორც ჩანს, ახლა მთელ მსოფლიოს ვეომებით, როგორც დიდ სამამულო ომში იყო, მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ახლაც ასეა, მათ რუსეთი არასდროს ჰყვარებიათ". – ამბობდა მინეკაევი.

1990-1992 წლებში მოლდოვაში მიმდინარეობდა დნესტრისპირეთის ომი. დაძაბულობამ პიკს 1992 წელს მიაღწია, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და გამოცხადებული იყო მოლდოვის რესპუბლიკა. ომი სამშვიდობო შეთანხმებით ამავე წელს დასრულდა.

დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 გვარდიული არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება.

კომენტარები