ივანიშვილის დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ, აშშ-ს სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ოცნების "ტრაექტორია უცვლელია"
"ჩვენი ტრაექტორია უცვლელია, რომელიც აბსოლუტურად ყველამ იცის - ვითხოვთ ძალიან მარტივს: პატივისცემას, თანასწორობას და ამაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.
ზუსტად ამ კუთხით ჩვენი ტრაექტორია ფიზიკურად ვერ შეიცვლება და იმედი გვაქვს, რომ ის ტრაექტორია, რომელიც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელიც ზემოდან ყურებით და ამავდროულად გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე სისტემურად და სისტემატურად არღვევდა საქართველოსა და აშშ-ში წლობით ნაშენებ ურთიერთობებს, ეს ყველაფერი შეიცვლება და ამავდროულად სიტყვით გაცხადებული, გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები გადაითარგმნება ქმედით, ხელშესახებ ქმედებებში.
ჩვენ გვჭირდება გზამკვლევი, სადაც გაწერილი იქნება ის ნაბიჯები თუ რამ უნდა მოგვიყვანოს რეალურ და არა ფურცელზე დაწერილ პარტნიორობასთან." - ამბობს არჩილ გორდულაძე [ინტერპრესნიუსი]
ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას რუბიოს კითხვით რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მიმართა: "პროირანული და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი ქართული ოცნების მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის [რეგიონზე] ამერიკის წვდომას. საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ [ირანის] ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და თავს არიდებენ თეირანზე შემოღებულ სანქციებს. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რათა გავუმკლავდეთ ქართული ოცნების მიერ ხელშეწყობილ სწრაფ რადიკალიზაციას საქართველოს რესპუბლიკაში."
რუბიომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის შემდეგაც, რუბიოს თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ტრაექტორიას შეიცვლის.




