დნესტრისპირეთი

პუტინმა დნესტრისპირეთის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესები გაუმარტივა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გზას ამარტივებს.

დნესტრისპირეთში მუდმივად მცხოვრები 18 წლის ან მეტი ასაკის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განცხადების შეტანას უკვე შეძლებენ.

დოკუმენტში წერია, რომ პუტინმა ეს გადაწყვეტილება "საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და წესების შესაბამისად ინდივიდებისა და მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად" მიიღო.

გამარტივებული წესები გულისხმობს, რომ დნესტრისპირეთში მცხოვრები პირებისთვის აღარ იქნება სავალდებულო რუსეთის მოქალაქეობის შესახებ ფედერალური სამართლის მე-15 მუხლის პირველი სამი პუნქტის დაკმაყოფილება – რის მიხედვითაც, წესისამებრ, მოქალაქეობის მიღების მსურველს, ბინადრობის უფლების მიღების შემდეგ, რუსეთში ცხოვრების ხუთწლიანი ისტორია უნდა ჰქონდეს, მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს რუსულ ენას და ასევე უნდა იცოდეს რუსეთის ისტორია და რუსული სამართლის საფუძვლები.

კომენტარები