უკრაინის პრემიერმინისტრმა, იულია სვირიდენკომ 4 ივნისს, ბუდაპეშტთან ეთნიკურად უნგრელი უმცირესობების უფლებების შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ მწვანე შუქი აუნთო EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას.
"ჩვენ ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ ევროკავშირში გაწევრიანებასთან: სტაბილურად მივემართებით ჩვენი მიზნისკენ." – აღნიშნა მან.
მანამდე უნგრეთის პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინაში ეთნიკურად უნგრელების უფლებების შესახებ ბუდაპეშტმა კიევთან შეთანხმებას მიაღწია, რის საფუძველზეც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ EU-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესში მომდევნო ეტაპი ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
მადიარის წინამორბედი, ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხრივ პროგრესს წლების განმავლობაში ბლოკავდა და ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ უკრაინის მთავრობისგან 11 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდა.
"პრემიერმინისტრი მადიარის განცხადება უკრაინასა და უნგრეთს შორის უმცირესობების უფლებებზე შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით კარს აღებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების გზისთვის." – დაწერა გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა X-ზე.
მისივე თქმით, მოვლენების "პოზიტიური განვითარება" ნიშნავს, რომ ევროკავშირის ელჩებს შორის დისკუსიები გაიმართება ფორმალური პროცესის შესახებ, რათა მხარეებმა EU-ში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინსვლა შეძლონ.
უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გამოსწორება შეაქეს მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრებმაც, ანიტა ორბანმა და ანდრიი სიბიჰამ, რომლებმაც მიღწეული შეთანხმება ორმხრივ ურთიერთობებში "ახალ თავად" შეაფასეს.
უკრაინული მედიის მიხედვით, გაფართოების ექვსი კლასტერიდან პირველის ფორმალურად გახსნისთვის ჯერჯერობით თარიღი განსაზღვრული არ არის, თუმცა, როგორც გამოცემა Kyiv Independent-ს ევროპელმა დიპლომატებმა აცნობეს, მხარეები იმედოვნებენ, რომ გეგმის ფარგლებში უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება 15 ივნისიდან მოხდება, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად. ამასთან, ივნისის შუა რიცხვებიდან ევროკავშირი მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას მოლდოვასთანაც აპირებს.




