რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

AP: მარიუპოლის თეატრის დაბომბვას 600-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მარიუპოლის დაბომბილი დრამის თეატრი
MAXAR

რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვას 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Associated Press წერს. გამოცემამ გამოძიება 23 წყაროზე დაყრდნობით ჩაატარა.

ამ მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება არსებულ ოფიციალურ მონაცემებს.  თავდასხმის დროს თეატრს 1300-მდე უკრაინელი აფარებდა თავს.

მარიუპოლის ქალაქის საბჭომ მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ოკუპანტების მიერ დრამატული თეატრის დაბომბვას დაახლოებით 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობაზე ბომბი ჩამოაგდო. თეატრში ბომბსაფარი იყო მოწყობილი, რომელსაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს. ნანგრევებმა ბომბსაფარის შესასვლელი ჩახერგეს.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები