რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლის საბჭო: დრამატული თეატრის დაბომბვას დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა

მარიუპოლის თეატრი

მარიუპოლის ქალაქის საბჭომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტების მიერ დრამატული თეატრის დაბომბვას დაახლოებით 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმის დროს თეატრს 1300-მდე უკრაინელი აფარებდა თავს. 

"სამწუხაროდ, დღეს ცუდი სიახლით ვიწყებთ. თვითმხილველთა ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავის მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვსურს დავიჯეროთ ეს შემზარავი ამბავი. გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველამ შეძლო გაქცევა, თუმცა, მათი მოყოლილი, ვინც ამ ტერორისტული აქტის დროს შენობაში იმყოფებოდა, სხვა რამეს ამბობ". – წერია განცხადებაში

16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობაზე ბომბი ჩამოაგდო. თეატრში ბომბსაფარი იყო მოწყობილი, რომელსაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს. ნანგრევებმა ბომბსაფარის შესასვლელი ჩახერგეს.

უკრაინელი დეპუტატის, სერგეი ტარუტამ თქვა, რომ თეატრში მოწყობილმა ბომბსაფარმა ავიაიერიშს გაუძლო და მასში შეფარებული ადამიანები გადარჩნენ.

"გაურკვევლობის საშინელი ღამის შემდეგ ომის 22-ე დღეს კარგი ამბავი მარიუპოლიდან. ბომბსაფარმა გაუძლო. ნანგრევების გაწმენდა დაწყებულია, ადამიანები ცოცხლები გამოდიან" - წერს ტარუტა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები