რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველებს ივანიშვილისნაირი ოლიგარქი ჰყავდეთ

"ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია". - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე საუბრისას.

"ქართველი ხალხისგან ნამდვილად ვგრძნობთ მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია - ძალიან ამაყი და ძლიერი. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც რეალურად ხალხს აქვს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა, გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან". - ამბობს ის. 

პოდოლიაკი ასევე ამბობს, რომ საქართველოს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეუძლია, თუმცა ქვეყნის გადასაწყვეტია, გააკეთებს თუ არა ამას. 

"შეუძლია თუ არა საქართველოს დაიცვას თავი? შეუძლია, სურს თუ არა? ეს მისი არჩევანის უფლებაა. ეს არის ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების არჩევანი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ რჩევა საქართველოს მთავრობას, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ჩვენ ამოვდივართ მხოლოდ იქიდან, რომ არსებობს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ექსპანსიურია და ყიდის მხოლოდ სხვისი ტერიტორიის მითვისების იდეას. ამიტომ, ასეთ ქვეყანასთან მეგობრობა, მისი პოზიციის მხარდაჭერა და მისი მხარდაჭერა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო მის წინააღმდეგაა, (ცალკეული სპეციფიური რეჟიმების გამოკლებით), უცნაურად გამოიყურება, რბილად რომ ვთქვათ, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა ქვეყნის მესამედი ოკუპირებულია". - ამბობს ის. 

პოდილიაკი განმარტავს, რომ თუ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს მათი არჩევანია, რომლის გაკიცხვა ან წახალისება, მისივე სიტყვებით, უკრაინას არ შეუძლია.

"ჩვენ უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენთ. საკუთარი თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა იბრძოლო. შეხედეთ უკრაინას. დიდ ფასს ვიხდით ჩვენი ბიჭების სიცოცხლით, თუმცა უკრაინაში არავინ ფიქრობს, რომ უფლება უნდა მივცეთ რუსეთის ფედერაციას, ითარეშოს ევროპაში". - ამბობს ის. 

ქართული ოცნების წარმომადგენლები კვლავ ამბობენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება - პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ სანქციები არაეფექტურია და მათი დაწესებით შემოსავალი საქართველოს მოქალაქეებს მოაკლდებათ.  

უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურველებისთვის ჩარტერული რეისის გაუქმებისა და სანქციებზე "ამორალური პოზიციის" გამო პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი 1 მარტს კონსულტაციებისთვის, ხოლო 31 მარტს საბოლოოდ გაიწვია

4 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შეტანის შესახებ - უკრაინის ცნობით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყვეს. 

25 აპრილს კი გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ანტონ ევტუშენკოვის საუბარს ასახავს - ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ ივანიშვილი სავარაუდოდ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც. მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა. ინფორმაცია, რომ ალი უზდენოვი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, დაადასტურა თავად ევტუშენკოვმაც

კომენტარები