ომი ახლო აღმოსავლეთში

აშშ-მ ირანზე იერიშები ისევ განაახლა – ტრამპი იმუქრება, რომ თეირანს 'ფასის გადახდა' მოუწევს

აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Al Drago/Bloomberg

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის ფონზე, აშშ-ს არმიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ბრძანებით ირანის წინააღმდეგ იერიშების მორიგი ტალღა წამოიწყეს. 

"იერიშების მიზანია, კიდევ უფრო დასუსტდეს ირანის სამხედრო შესაძლებლობები, რომლის მეშვეობითაც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმები ხდება." – განაცხადა აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ. 

20 ივლისს პრეზიდენტმა ტრამპმა დაწერა, რომ ირანი "საფასურს გადაიხდის" ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის, მას შემდეგ, რაც ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას იორდანიაში ამერიკელი სამხედროები ემსხვერპლნენ.

"ყოველ ჯერზე, როცა ირანი ამერიკელ სამხედროს კლავს, მათ ბევრად უფრო მეტის გადახდა მოუწევთ. ეს დავალება გადაეცა ომის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს და გაერთიანებული შტაბების უფროსს, დენიელ კეინს." – აღნიშნა ტრამპმა Truth Social-ზე. 

ცნობისთვის, მანამდე CENTCOM-მა განაცხადა, რომ იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს აშშ-ს ორი სამხედრო დაიღუპა, რაც  ირანთან ომში ამერიკის მხარეს მსხვერპლის პირველი შემთხვევაა მარტის შემდეგ. 

პარალელურად, გამოცემა Washington Post ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს. 

ამასთან, ირანის სამთავრობო მედიაში 18 ივლისს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მორიგი განცხადება გავრცელდა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ირანის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. 

მოჯთაბა ხამენეი, რომელიც თებერვლის ბოლოს იერიშების შედეგად თავისი მამის, აიათოლა ალი ხამენეის, მკვლელობის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, წერილში პირობას დებს, რომ ირანი და მისი პროქსი ძალები აშშ-ს ძლიერად უპასუხებენ, თუკი საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია გაგრძელდება. 

ამას გარდა, რეგიონში ესკალაციის ზრდის პარალელურად გამოცემა Axios წერს, რომ აშშ-მ ისრაელს ქვეყანაში დამატებით ათეულობით თვითმფრინავის გაგზავნის შესახებ აცნობა, რომლებსაც ჰაერში სხვა თვითმფრინავების საწვავით გამართვა შეუძლიათ, რაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების პოტენციური გაფართოებისთვის სამზადისს წარმოადგენს.

Axios-ის ინფორმაციით, 14 ივლისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მრჩევლებმა რამდენიმე ახალი სამხედრო გეგმა წარუდგინეს და ახლა ის ირანზე მასიურ თავდასხმას განიხილავს, რომელიც მასშტაბებით ამჟამად ჰორმუზის სრუტეში ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მიტანილ დარტყმებზე დიდი იქნება. 

გამოცემის ცნობით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, თუმცა, როგორც ჩანს, ის მზადაა ომის ესკალაციისთვის, რათა აშშ-მ საკმარისი ზიანი მიაყენოს ირანის რეჟიმს იმისთვის, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნას და ტრამპის ბირთვულ მოთხოვნებს დათანხმდეს. 

კომენტარები