იაპონია

უკრაინის ომის ფონზე, იაპონიის მმართველ პარტიას თავდაცვის ხარჯების გაორმაგება სურს

იაპონიის სახმელეთო თავდაცვის ძალების ამფიბიური ჩქარი რეაგირების ბრიგადის ძალები, კუნძული კიუშუ, 2018 წლის 7 აპრილი
ISSEI KATO/REUTERS

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, 27 აპრილს იაპონიის მმართველ, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიას (ლდპ) სურს იაპონიის უსაფრთხოების სფეროში ცვლილებები შეიტანოს და თავდაცვის ხარჯები გააორმაგოს. 

ლდპ-მ მთავრობის წინაშე წამოაყება წინადადება, გადახედონ და შეცვალონ იაპონიის სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ეროვნული თავდაცვის პროგრამის სახელმძღვანელო და საშუალოვადიანი თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამა. წინადადება ჯერ იაპონიის თავდაცვის მინისტრს, ნობუო კიშის, შემდეგ კი პრემიერმინისტრს, ფუმიო კიშიდას გადაეცა. 

როგორც ლდპ-ს მიერ წარდგენილ წინადადებაშია ნათქვამი, რუსეთის უკრაინაში შეჭრა "ძირს უთხრის საერთაშირისო წყობის საფუძვლებს" და ეს ქმედება "სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს რეგიონს, მათ შორის იაპონიას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას".

ოთხშაბათს, 27 აპრილს იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნობუო კიშიმ ასევე ახსენა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მნიშვნელობა.

"რუსეთის უკრაინაში შეჭრა გრძელდება. ეს არის სიტუაცია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის [ამჟამად] უდიდესი კრიზისია, ჩვენ საფუძვლიანად უნდა გავაძლიეროთ იაპონიის თავდაცვის შესაძლებლობები". – აღნიშნა კიშიმ. 

მმართველი პარტიის ინიციატივაში ნათქვამია, რომ ცვლილებები საჭიროა არამხოლოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის, არამედ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამების, ასევე ტაივანის გარშემო ჰაერსა და ზღვაში ჩინეთის გაზრდილი სამხედრო აქტიურობის გამო. 

ლდპ-ს ინიციატივით, იაპონიის თავდაცვის ხარჯები უნდა გაორმაგდეს და მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-დან 2%-მდე უნდა გაიზარდოს. თავდაცვისთვის მშპ-ს 1%-იანი ხარჯის ცვლილება დიდი ხნის განმავლობაში განხილვის საგანი არ ყოფილა. თუ ეს ინიციატივა მიღებული იქნება, თავდაცვის ხარჯების მხრივ იაპონია NATO-ს ქვეყნების გვერდით დადგება.

ამას გარდა, მმართველი პარტიის წამოყენებულ წინადადებაში ნათქვამია, რომ იაპონიამ უნდა შეიძინოს "კონტრშეტევის შესაძლებლობები", რომლებიც ქვეყანას საშუალებას მისცემს დაარტყან მოწინააღმდეგის ბაზებსა და ბრძანება-კონტროლის ცენტრებს, რათა თავდასხმის წინასწარი პრევენციის საშუალებას იძლევა. ინიციატივაში საუბარი არაა ყოფილი პრემიერმინისტრის, შინზო აბეს იდეაზე, იაპონიაში აშშ-ს ბირთვული იარაღი განეთავსებინათ.

ასევე, ინიციატივით ლდპ ითხოვს აშშ-ს მსგავსი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შექმნას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიას კონსტიტუციის 90-ე მუხლის მიხედვით, ოფიციალურად არ ჰყავს არმია და ეკრძალება ომის წამოწყება, თუმცა ჰყავს თავდაცვის ძალები. ამჟამად, ყოფილი პრემიერმინისტრის, შინზო აბეს ცვლილებების შემდეგ, იაპონიის თავდაცვის ძალებს შეუძლიათ სამხედრო დახმარება გაუწიონ მოკავშირეებს.


ტოკიოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, იაპონიამ სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესა. ტოკიოს სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა უარი თქვა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე. ეს მოლაპარაკებები მოსკოვსა და ტოკიოს შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იაპონიას აქვს "ღიად არამეგობრული პოზიცია" და ისინი "ცდილობენ ზიანი მიაყენონ" რუსეთის ინტერესებს.

მოლაპარაკებების შეწყვეტის პარალელურად, რუსეთმა იაპონიის მოქალაქეებისთვის კურილის კუნძულებზე უვიზო მიმოსვლის სისტემა შეწყვიტა, დატოვა ერთობლივი სამეურნეო საქმიანობებზე დაკავშირებული საუბრები და დაბლოკა იაპონიის პარტნიორის სტატუსი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სამშვიდობო მოლაპარაკებებს "რიტუალური" უწოდა და თქვა, რომ მხარეები კონსესუსამდე მაინც ვერ მივიდოდნენ.

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მოლაპარაკებების შეწყვეტას უსამართლო და მიუღებელი უწოდა

იაპონიის ზღვაში რუსეთის სამხედრო აქტიურობის გაზრდის შემდეგ, ტოკიო სადაზვერვო მუშაობას აძლიერებს.

"იაპონიამ მტკიცედ უნდა გააგრძელოს რუსეთის სანქცირება დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად". – თქვა კიშიდამ.

ამას გარდა,  იაპონიის დიპლომატიური კურსის ცვლილება გამოიხატა პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას სიტყვებშიც, რომელმაც რუსეთთან სადავო სამხრეთ კურილის კუნძულებს იაპონიის "განუყოფელი ტერიტორია" უწოდა. უკვე აპრილში კი იაპონიამ ეს კუნძულები, რომელთაც თავად ჩრდილოეთის ტერიტორიებს უწოდებენ, რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად გამოაცხადა.

კომენტარები