იაპონია

კუნძულები რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულია – იაპონია სამხრეთ კურილებზე პოზიციას ცვლის

ფუმიო კიშიდა

იაპონია რუსეთთან სადავო მიწებზე, რომელთაც მოსკოვში სამხრეთ კურილის კუნძულებს, ხოლო ტოკიოში ჩრდილოეთის ტერიტორიებს ეძახიან, დიპლომატიურ პოზიციას ცვლის და მათ "რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულს" უწოდებს

სადავო ტერიტორიები ამ ტერმინით მოხსენიებულია იაპონიის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც დიპლომატიურ ლურჯ წიგნს უწოდებენ. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კუნძულები იაპონიის განუყოფელი ნაწილია.

"ჩრდილოეთის ტერიტორიები არის კუნძულები, რომლებზეც სუვერენიტეტი იაპონიას ეკუთვნის და არიან იაპონიის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები, მაგრამ ახლა ისინი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულია". – წერია ანგარიშში.

უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების ტერმინით კუნძულები ბოლოს 2003 წელს მოიხსენიეს, რაც ნიშნავს, რომ ტოკიო მოსკოვის მიმართ კუნძულების საკითხთან არსებულ ბოლო ათწლეულების პოზიციას იცვლის. ამას გარდა, ტერმინი "იაპონიის განუყოფელი ნაწილი" ბოლოს 2011 წლის ანგარიშში იყო ნახსენები.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, 7 მარტს იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ კუნძულებს ასევე უწოდა იაპონიის "განუყოფელი ტერიტორია".

სადავო ტერიტორია, რომელიც იაპონიის 4 მთავარი კუნძულიდან ერთ-ერთის, ჰოკაიდოს ჩრდილოეთით მდებარეობს და მოიცავს 4 კუნძულს: ეტოროფუს, კუნაშირის, შიკოტანსა და ჰაბომაის. ეს კუნძულები საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში იაპონიის მიერ 1945 წლის 15 აგვისტოს კაპიტულაციის შემდეგ დაიკავა. კუნძულებზე დავის გამო, ქვეყნებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდა. 

სადავო კუნძულები იაპონიასა და რუსეთს შორის

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიასა და სსრკ-ს შორის1956 წელს გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება, თუმცა სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრები გრძელდებოდა. საბჭოთა კავშირი 1956 წლის პაქტით იაპონიას დათანხმდა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის შემდეგ, კუნძულების ნაწილს ტოკიოს დაუბრუნებდნენ.

იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, შინძო აბეს ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ რუსეთთან 1956 წლის პაქტის საფუძველზე ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა, ამიტომაც მოსკოვთან შედარებით რბილ პოლიტიკას ატარებდნენ. 2012-დან 2020 წლის შუალედში აბეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა სადავო ტერიტორიების საკითხზე პროგრესს ვერ მიაღწია.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიამ რუსეთს სანქციები დაუწესა, მოსკოვმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბარი შეწყვიტა.

2022 წლის დიპლომატიური ლურჯი წიგნის ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ნათქვამია, რომ ეს ქმედება "ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აზიაშიც".

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ იაპონიისთვის ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანია და საჭიროა კონსტრუქციული და სტაბილური ურთიერთობის შენება.

ამას გარდა, ნათქვამია, რომ იაპონიის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, აშშ-სთან ალიანსის ფარგლებში გაიზრდება შეკავებისა და [იერიშზე] საპასუხო შესაძლებლობები.


ტოკიოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, იაპონიამ სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესა. იაპონიის დიპლომატიური კურსის ცვლილება გამოიხატა პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას სიტყვებშიც, რომელმაც რუსეთთან სადავო სამხრეთ კურილის კუნძულებს იაპონიის "განუყოფელი ტერიტორია" უწოდა.

ტოკიოს სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა უარი თქვა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე. ეს მოლაპარაკებები მოსკოვსა და ტოკიოს შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იაპონიას აქვს "ღიად არამეგობრული პოზიცია" და ისინი "ცდილობენ ზიანი მიაყენონ" რუსეთის ინტერესებს.

მოლაპარაკებების შეწყვეტის პარალელურად, რუსეთმა იაპონიის მოქალაქეებისთვის კურილის კუნძულებზე უვიზო მიმოსვლის სისტემა შეწყვიტა, დატოვა ერთობლივი სამეურნეო საქმიანობებზე დაკავშირებული საუბრები და დაბლოკა იაპონიის პარტნიორის სტატუსი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სამშვიდობო მოლაპარაკებებს "რიტუალური" უწოდა და თქვა, რომ მხარეები კონსესუსამდე მაინც ვერ მივიდოდნენ.

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მოლაპარაკებების შეწყვეტას უსამართლო და მიუღებელი უწოდა

იაპონიის ზღვაში რუსეთის სამხედრო აქტიურობის გაზრდის შემდეგ, ტოკიო სადაზვერვო მუშაობას აძლიერებს.

"იაპონიამ მტკიცედ უნდა გააგრძელოს რუსეთის სანქცირება დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად". – თქვა კიშიდამ.

კომენტარები