იაპონია

იაპონიის სასამართლომ ერთნაირსქესიან ქორწინებაზე აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო

LGBTQ+ თემის მხარდამჭერები სასამართლო პროცესის პარალელურად აქციას მართავენ, 14 მარტი, 2024. (ტექსტი ბანერზე: "დააკანონეთ ერთსქესიანთა ქორწინება")
Hiro Komae / AP

14 მარტს იაპონიის ქალაქ საპოროს სააპელაციო სასამართლომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსგავსი შეზღუდვა "არაკონსტიტუციური" და "დისკრიმინაციულია", თუმცა, სასამართლომ უარყო მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, რაც მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას გულისხმობდა.

"ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება, როგორც ჩანს, დანაკლისს ან საზიანო შედეგებს არ იწვევს". - ამბობს სასამართლო.

პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ცუნამორი ფუმიიასუმ განაცხადა, რომ მოსარჩელე მხარე აპირებს, გადაწყვეტილება იაპონიის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს, რათა დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობა.

იაპონია "დიდი შვიდეულის" ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების მსურველებს ლეგალურ მფარველობას არ უწევს. ბოლო პერიოდის გამოკითხვების მიხედვით, იაპონიის მოსახლეობის 70% ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის მომხრეა, თუმცა, პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდას კონსერვატიული ლიბერალ-დემოკრატიული პარტია ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება.

ვერდიქტის მიუხედავად, იაპონელი აქტივისტები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის საკითხი ქვეყნის კანონმდებლებმა უნდა გადაწყვიტონ.

კომენტარები