იაპონია

იაპონური რაკეტა, რომელსაც ორბიტაზე თანამგზავრი უნდა გაეშვა, გაშვებიდან 5 წამში აფეთქდა

Kyodo News via AP

დღეს, 13 მარტს, იაპონიაში, კერძო ფირმის, Space One-ის რაკეტა, რომელსაც ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრი უნდა გაეშვა, საკუთარი ავტომატური სისტემის მიერ შემჩნეული ხარვეზის გამო აფეთქდა. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია პრობლემა, მიმდინარეობს გამოძიება.

რაკეტა გაშვებიდან ხუთ წამში, გაშვების მეორე ეტაპზე აფეთქდა. Space One-ის ინფორმაციით, მისი ყველა ნაწილაკი კერძო კომპანიის ტერიტორიაზე დაეცა.

ფირმის პრეზიდენტმა, მასაკაზუ ტოიოდამ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ტექნოლოგია წარმატებას მხოლოდ რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ აღწევს. მას აფეთქება მარცხად არც მოუხსენიებია და აფეთქების ხარჯები ან გამოძიების დასრულების თარიღი არ გაუმხელია.

"ჩვენ მომხდარს დადებითად აღვიქვამთ და ვინარჩუნებთ მზადყოფნას, მივიღოთ შემდეგი გამოწვევა". - თქვა ტოიოდამ.

კერძო კომპანიის რაკეტას სახელმწიფოს მიერ დამზადებული ხელოვნური თანამგზავრი დედამიწის გარშემო ორბიტაზე უნდა გაეშვა, რათა ინფორმაცია მოეპოვებინა, მაგალითად იაპონიის მეზობელი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სარაკეტო საფრთხის შესახებ.

Space One 2018 წელს დაარსდა და მასში ინვესტიცია მრავალმა მსხვილმა იაპონურმა კომპანიამ, მათ შორის Canon Electronics-მა და Shimizu-მ, ჩადო. კომპანიას მიზნად დასახული აქვს, რომ საბოლოოდ კოსმოსში მოგზაურობისა და დაკავშირებული მომსახურებების სფეროში წინ წაიწიოს. 

კომენტარები