რუსეთი-იაპონია

მედვედევი: კურილის კუნძულებზე საუბარი რიტუალური იყო, იაპონიასთან ვერ შევთანხმდებოდით

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა საკუთარ Telegram-არხზე კომენტარი გააკეთა რუსეთის უარზე, გააგრძელოს სამშვიდობო მოლაპარაკებები იაპონიასთან. 

მედვედევმა იაპონიასთან აქამდე არსებულ საუბრებს "რიტუალური" უწოდა და თქვა, რომ მხარეები კურილის კუნძულებზე კონსესუსს ვერ მიაღწევდნენ. 

"რუსეთმა უარი თქვა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების განხილვაზე. კურილის კუნძულების ბედის კონტექსტში, ეს გადაწყვეტილება ისტორიულად გამართლებული, დაგვიანებული და სამართლიანია. ცხადია, რომ ჩვენ იაპონიასთან კუნძულების საკითხზე კონსესუსამდე ვერასდროს მივიდოდით. ეს აქამდეც ჩვენც გვესმოდა და მათაც. ასე რომ, მოლაპარაკებები კურილებზე მუდამ რიტუალური სახის იყო". – დაწერა მედვედევმა. 

გასულ დღეს, 22 მარტს რუსეთის ფედერაციამ, ტოკიოს მიერ მოსკოვისთვის სანქციების დაწესების გამო, იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ იაპონიას აქვს "ღიად არამეგობრული პოზიცია" და ისინი "ცდილობენ ზიანი მიაყენონ" რუსეთის ინტერესებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "რუსეთ-იაპონიის ურთიერთქმედების დაზიანებაზე სრული პასუხისმგებლობა" ეკისრება ტოკიოს, რომელმაც აირჩია "ანტირუსული კურსი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ნაცვლად".

რუსეთი იაპონიის მოქალაქეებისთვის კურილის კუნძულებზე უვიზო მიმოსვლის სისტემას წყვეტს, ტოვებს ერთობლივი სამეურნეო საქმიანობებზე დაკავშირებულ საუბრებს და ბლოკავს იაპონიის პარტნიორის სტატუსს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვს სანქციები, რიგ ქვეყნებთან ერთად, ტოკიომაც დაუწესა.

ამას გარდა, 7 მარტს გამართულ მრჩეველთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის ფედერაციისა და იაპონიის სადავო ტერიტორიებს, კურილის კუნძულებს "განუყოფელი ტერიტორია" უწოდა, რაც მოსკოვის მიმართ ტოკიოს პოლიტიკის ცვლილებაა. 

იაპონელი პოლიტიკოსები ამ ტერმინის გამოყენებას 2018 წლის ნოემბერიდან ერიდებიან, მას შემდეგ, რაც მაშინდელი პრემიერმინისტრი, შინძო აბე იაპონია-რუსეთის სამიტზე დათანხმდა, დაეჩქარებინათ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საუბრები. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიშიდამ აქამდე გამოყენებული ტერმინი დააბრუნა. 

კომენტარები