იაპონია

იაპონიის ზღვაში რუსული რაკეტების გამოცდის შემდეგ ტოკიო სადაზვერვო მუშაობას აძლიერებს

რუსული წყალქვეშა ნავის მიერ კალიბრის ტიპის რაკეტის გამოცდა იაპონიის ზღვაში

მას შემდეგ, რაც რუსეთმა იაპონიის ზღვაში კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოსცადა, ტოკიო სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებასა და მონიტორინგს გააძლიერებს

14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იაპონიის ზღვაში ორი წყალქვეშა ნავით კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოსცადეს. მათ არ დაუსახელებიათ გამოცდის ზუსტი თარიღი. 

"ბოლო წლებში რუსეთის სამხედრო აქტიურობა, თანამედროვე მოწყობილობების განთავსებითა და წვრთნების ჩათვლით, იაპონიის სიახლოვეს გაიზარდა. შეშფოთების გრძნობით, გავაგრძელებთ ინფორმაციის შეგროვებასა და ფხიზელ მონიტორინგს". – თქვა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნობუო კიშიმ.

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 15-ზე მეტმა საბრძოლო ხომალდმა და დამხმარე გემებმა. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი იაპონიის ზღვაში აქტიურად ატარებს სამხედრო წვრთნებს. ბოლო კვირებში მოსკოვმა კურილის კუნძულებთან, რომელიც იაპონიასთან სადავო ტერიტორიაა, სამხედრო აქტიურობა გაზარდა. 28 მარტს ტოკიომ გააპროტესტა მოსკოვის მიერ წვრთნების ჩატარება, რომელშიც 3000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. 


ტოკიოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, იაპონიამ სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესა. საპასუხოდ, რუსეთმა უარი თქვა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე. ეს მოლაპარაკებები მოსკოვსა და ტოკიოს შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იაპონიას აქვს "ღიად არამეგობრული პოზიცია" და ისინი "ცდილობენ ზიანი მიაყენონ" რუსეთის ინტერესებს.

მოლაპარაკებების შეწყვეტის პარალელურად, რუსეთმა იაპონიის მოქალაქეებისთვის კურილის კუნძულებზე უვიზო მიმოსვლის სისტემა შეწყვიტა, დატოვა ერთობლივი სამეურნეო საქმიანობებზე დაკავშირებული საუბრები და დაბლოკა იაპონიის პარტნიორის სტატუსი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სამშვიდობო მოლაპარაკებებს "რიტუალური" უწოდა და თქვა, რომ მხარეები კონსესუსამდე მაინც ვერ მივიდოდნენ.

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ მოლაპარაკებების შეწყვეტას უსამართლო და მიუღებელი უწოდა

"იაპონიამ მტკიცედ უნდა გააგრძელოს რუსეთის სანქცირება დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად". – თქვა კიშიდამ.

კომენტარები