რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უარი თქვა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე

რუსეთის ფედერაცია უარს ამბობს იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, ტოკიოს მიერ დაწესებული სანქციების გამო.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ იაპონიას აქვს "ღიად არამეგობრული პოზიცია" და ისინი "ცდილობენ ზიანი მიაყენონ" რუსეთის ინტერესებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "რუსეთ-იაპონიის ურთიერთქმედების დაზიანებაზე სრული პასუხისმგებლობა" ეკისრება ტოკიოს, რომელმაც აირჩია "ანტირუსული კურსი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ნაცვლად".

რუსეთი იაპონიის მოქალაქეებისთვის კურილის კუნძულებზე უვიზო მიმოსვლის სისტემას წყვეტს, ტოვებს ერთობლივი სამეურნეო საქმიანობებზე დაკავშირებულ საუბრებს და ბლოკავს იაპონიის პარტნიორის სტატუსს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვს სანქციები, რიგ ქვეყნებთან ერთად, ტოკიომაც დაუწესა.

ამას გარდა, 7 მარტს გამართულ მრჩეველთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის ფედერაციისა და იაპონიის სადავო ტერიტორიებს, კურილის კუნძულებს "განუყოფელი ტერიტორია" უწოდა, რაც მოსკოვის მიმართ ტოკიოს პოლიტიკის ცვლილებაა. 

იაპონელი პოლიტიკოსები ამ ტერმინის გამოყენებას 2018 წლის ნოემბერიდან ერიდებიან, მას შემდეგ, რაც მაშინდელი პრემიერმინისტრი, შინძო აბე იაპონია-რუსეთის სამიტზე დათანხმდა, დაეჩქარებინათ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საუბრები. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიშიდამ აქამდე გამოყენებული ტერმინი დააბრუნა. 

კომენტარები