იაპონია

დნმ-ით დადგინდა, რომ მომაკვდავი კაცი იყო პირი, რომელსაც იაპონიაში 1970-იანებიდან ეძებდნენ

დნმ-ის ტესტმა დაადგინა, რომ მომაკვდავი კაცი, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ამტკიცებდა, რომ იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძებნილი იყო, სიმართლეს ამბობდა.

სატოში კირიშიმამ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს საკუთარი ვინაობა გაამჟღავნა და სამართალდამცველებს უთხრა, რომ სიკვდილთან ნამდვილი სახელით შეხვედრა სურდა. რამდენიმე დღეში კი ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

ადგილობრივი პოლიცია დნმ-ის ტესტის პასუხზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ 70 წლის მომაკვდავი კაცი მართლაც კირიშიმა იყო, რომელიც 70-იან წლებში აღმოსავლეთ აზიის ანტი-იაპონური შეიარაღებული ფრონტის წევრი იყო და რამდენიმე ტერაქტში მონაწილეობდა.

კირიშიმა ეჭვმიტანილია, სულ მცირე, 5 ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობაში, მათ შორის, 1974 წელს მიცუბიშის ცენტრში მომხდარ აფეთქებაში, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა, 160-ზე მეტი კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ კირიშიმა დაჯგუფების ერთადერთ წევრად ითვლება, რომლის დაკავებაც იაპონიის პოლიციამ ვერ მოახერხა, თუმცა, სამართალდამცველებს ამის მცდელობა არ შეუწყვეტიათ – კირიშიმას იაპონიაში რამდენიმე დეკადის განმავლობაში ეძებდნენ. მისი ერთადერთი ფოტო და რამდენიმე ფოტორობოტი ქვეყნის მასშტაბით პოლიციის დეპარტამენტებთან ათობით წლის განმავლობაში ეკიდა.

უკანასკნელ დღეებში სატოში კირიშიმამ გამომძიებლებთან საუბრის დროს აღიარა, რომ თითქმის 40 წლის განმავლობაში ქალაქ ფუჯისავაში ჰიროში უჩიდას სახელით ცხოვრობდა.

კირიშიმას თქმით, ის წლების განმავლობაში თავს დღიური სამუშაოებით ირჩენდა, შემდეგ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში დასაქმდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის ხელფასს მუდმივად ხელზე იღებდა და არ ჰქონდა მობილური ტელეფონი.

სამართალდამცველების თქმით, კიროშიმამ მათთან საუბრის დროს საკუთარ ოჯახზე და ულტრამემარცხენე სამხედრო დაჯგუფებაზე ისეთი დეტალების გახსენება შეძლო, რომლის ცოდნაც მხოლოდ მას შეეძლო. ამავდროულად, კიროშიმამ ბრალდებების ნაწილი უარყო.

ტოკიოს პოლიციის სპიკერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, დაეხმარა თუ არა კირიშიმას ვინმე იდენტობის დამალვაში და ამის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები