რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირმა 19 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

Reuters

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. მიზეზი დიპლომატიური სტატუსის საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართულობაა.

ევროკავშირის განცხადებით, გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის არაერთ ოკუპირებულ ქალაქში, მათ შორის, ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ მიიღეს.

"ევროკავშირი სრულად სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და გააგრძელებს ყველა შესაძლო სახის მხარდაჭერას საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებით". – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ – 15, გერმანიამ – 40, შვედეთმა – 3, იტალიამ – 30, ესპანეთმა კი 25 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა.

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა კონტროლი ეტაპობრივად დაიბრუნეს. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები