რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიამ 30 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, იტალიამ 30 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ გაავრცელა.

"რუსეთის ელჩი იტალიაში, სერგეი რაზოვი 5 აპრილის დილას საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარეთ, სადაც გააცნეს იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ 30 რუს დიპლომატს, რომლებიც საელჩოში მუშაობდნენ, პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და იტალიას ვატოვებინებთ. ეს გადაწყვეტილება ჩვენს სხვა ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მივიღეთ. ეს ყველაფერი იტალიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. ეს კრიზისული სიტუაცია რუსეთის ფედერაციამ შექმნა, რომელმაც უკრაინის მიმართ ყოვლად გაუმართლებელი ომი წამოიწყო". - თქვა დი მაიომ.

ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი, მარია ზახაროვა. მისი თქმით, რუსეთი თავისი 30 დიპლომატის იტალიიდან გამოძევებას უპასუხოდ არ დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ იტალიის გარდა, საკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო: მათ შორის არიან შვედეთი, დანია, გერმანია და საფრანგეთი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები