საქართველო-უკრაინა

ვერეშჩუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში

"ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოვიდეს რუსეთში,  რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში, ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს" - ასე შეაფასა უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ვერეშჩუკმა TV ფორმულას ეთერში აღნიშნა, რომ საუბარი არ არის "მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.

"თუ ეს ყველაფერი მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯერო ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, რატომ არის შესაძლებელი? რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, მისცენ ბრძანებები საქართველოს სპეცსამსახურებს, თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე.

თქვენ მელაპარაკებით ქართველი ხალხის სახელით მწუხარებაზე, ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ რატომ აძლევთ ამის უფლებას თქვენს პრემიერს, თქვენს ხელისუფლებას, რომელსაც სამწუხაროდ არ ესმის, რა მოხდება მომავალში თუ დღეს არ შევაჩერებთ რუსეთს და პუტინს. არ მოხდება ისე, რომ "ჩვენ ვართ ნეიტრალურები, ვერ შევუერთდებით სანქციებს, მოდით, გავხსნათ ავიახაზები" -  არ არის შესაძლებელი ასე ლაპარაკი, თქვენ ამან 2008 წელს ომისგან ვერ გადაგარჩინათ და ვერც ახლა გადაგარჩენთ

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველ ხალხს, რომელსაც მე ქუჩაში ვხედავდი უკრაინაში ომის წინააღმდეგ, არ უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით. 

მე როგორც ვიცეპრემიერი, როგორც მინისტრი, რომელიც დაკავებულია ოკუპირებული ტერიტორიებით, ტყვეებით, ქალებით, ადამიანებით, რომლებიც უგზოუკვლოდ დაიკარგნენ, მე ამ ყველა საშინელების შესახებ ვიცი და ამას ყოველდღე ვუყურებ, ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ იმას, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოდიოდეს რუსეთში,  რომელიც კლავს ჩვენს ქალებს და შვილებს ირპენში, ბუჩაში, ჩერნიგოვში. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა ეს, რატომ მოხდა ეს" - თქვა ირინა ვერეშჩუკმა (გამოყენებულია TV ფორმულას თარგმანი).

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ არ აპირებენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი ქართველ ხალხს მოაკლდება - "რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?". ღარიბაშვილის სიტყვებითვე, "მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს – თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს".  3 აპრილს კი, საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ  25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის". მისივე მტკიცებით, "ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს".

საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ აქცია არაერთხელ გაიმართა. ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელიც მთავრობაზე უკეთესია". თუმცა, პრემიერმა ღარიბაშვილმა აქციებს "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.

საქართველოს მთავრობის "ამორალური პოზიციის" გამო უკრაინის პრეზიდენტმა ერთთვიანი კონსულტაციების შემდეგ, ელჩი ქვეყნიდან საბოლოოდ 31 მარტს გაიწვია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ, ბომბავენ და კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები