რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: სანქციები უნდა გავამკაცროთ, სანამ პუტინის ყველა ჯარისკაცი უკრაინას არ დატოვებს

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს მანამ, სანამ ყველა რუსი სამხედრო უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებს.  

"მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ უნდა მოელოდეთ G7-ის მიერ სანქციების მოხსნას მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაში ცეცხლი შეწყდება. ეს პირდაპირ პუტინის სცენარია. ჩემი აზრით, უნდა გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, სანამ პუტინის ყველა ჯარისკაცი უკრაინას არ დატოვებს". - ამბობს ის.  

კითხვაზე, ეხება თუ არა ეს ყირიმს, ჯონსონმა უპასუხა - "როგორც ვთქვი, მისი ყველა ჯარისკაცი უკრაინის გარეთ უნდა იყოს". 

ბორის ჯონსონს ასევე ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ საბოლოო შედეგი უნდა იყოს არა მხოლოდ რუსების უკრაინიდან გასვლა, არამედ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კრემლიდან მოშორება. 

"სრულიად გასაგებია, რომ ეს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი არ არის. ჩვენ ვაპირებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს, დავიცვათ ისინი აბსოლუტურად ბარბაროსული ძალადობისგან. სწორედ ამას ვაკეთებთ". - თქვა მან. 

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივები გაუყინეს და ფინანსური ინსტიტუციები SWIFT-დან გარიცხეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების ფონზე 8 მარტს აშშ-მ რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტი აკრძალა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ქვეყანა 2022 წლის ბოლომდე სრულად ჩამოშორდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულებას და იმპორტს აკრძალავს.

8 მარტს ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2/3-ით უნდა შეამციროს მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო 2030 წლამდე რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი სრულად უნდა გაუქმდეს.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის დუმის ქვედა პალატის 351 დეპუტატსაც, რომლებმაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას მხარი დაუჭირეს.

დაწესებულ სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვაც.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები