რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: რუსეთის ეკონომიკაში კოლაფსი არ იქნება – წინა სანქციებმა სარგებელი მოგვიტანა

TACC

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ეკონომიკურ კოლაფსს არ გამოიწვევს. მედვედევმა ეს ქვეყნის შესაძლებლობებსა და მეგობარ სახელმწიფოებთან პარტნიორობას მიაწერა.

"ჩვენ ყველა შესაძლებლობა გვაქვს განვითარებისთვის. მანამდე დაწესებულმა სანქციებმა ჩვენთვის მხოლოდ სარგებელი მოიტანა – გვაიძულა აქტიურად ჩაგვენაცვლებინა იმპორტი ყველა ინდუსტრიაში, მათ შორის, მეცნიერების, ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მედიკამენტებისთვის.

მთავრობამ უკვე მიიღო მყისიერი გადაწყვეტილებები ხალხისა და ეკონომიკის მხარდასაჭერად. მათ შორისაა სოციალური გადასახადები, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების დამატებითი დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, საბანკო ინდუსტრია. ეკონომიკაში კოლაფსი არ იქნება". – წერს მედვედევი.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივები გაუყინეს და ფინანსური ინსტიტუციები SWIFT-დან გარიცხეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების ფონზე 8 მარტს აშშ-მ რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტი აკრძალა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ქვეყანა 2022 წლის ბოლომდე სრულად ჩამოშორდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულებას და იმპორტს აკრძალავს.

8 მარტს ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2/3-ით უნდა შეამციროს მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო 2030 წლამდე რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი სრულად უნდა გაუქმდეს.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის დუმის ქვედა პალატის 351 დეპუტატსაც, რომლებმაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას მხარი დაუჭირეს.

დაწესებულ სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვაც.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები