რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთის ელჩი უკრაინაში: ჩინეთი უკრაინას თავს არასდროს დაესხმება

ჩინეთის ელჩი უკრაინაში, ფან სიანრონგი ამბობს, რომ ჩინეთი უკრაინას არასდროს დაესხმება თავს.

"ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, ჩვენ მას დავეხმარებით, განსაკუთრებით ეკონომიკურად.  ჩვენ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით იმ სიტუაციის შესაბამისად, რომელშიც იმყოფებით. ჩინეთი არის მეგობრული ქვეყანა უკრაინელი ხალხისთვის და როგორც ელჩი, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება უკრაინისთვის სიკეთის ძალა როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად." – უთხრა შეხვედრაზე ჩინეთის ელჩმა ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაქსიმ კოზიცკის.

სამშაბათს, ჩინეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ცინ განგმა გამოაქვეყნა სტატია Washington Post-ში, სადაც გაიმეორა, რომ პეკინს სურს კონფლიქტის დასრულება უკრაინაში და გააქარწყლა "ჭორები", რომ "ჩინეთმა იცოდა, თანხმდებოდა ან ჩუმად უჭერდა მხარს" ომს.

მანამდე FT-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარებისთვის მიმართა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს 5 სახის სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა, მათ შორის რაკეტები, დრონები, ჯავშანმანქანები და ლოგისტიკური მანქანები.

ინფორმაცია უარყო ჩინეთის საელჩომ აშშ-ში. აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინაში ომის ფონზე შეხვედრა გაიმართა აშშ-სა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის.

გამოცემა The Financial Times-ის ცნობით, აშშ-მ მოკავშირეებს შეატყობინა, რომ ჩინეთმა სამხედრო სფეროში რუსეთის დახმარების შესაძლებლობაზე მიანიშნა. გამოცემა ინფორმაციას საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ინფორმაცია მიაწოდა მოკავშირეებს ევროპასა და აზიაში, თუმცა არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა სახის დახმარებაზეა საუბარი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები