რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფსაკი: თუ ჩინეთი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ გაითვალისწინებს, ნაბიჯებს გადავდგამთ

ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის, პრესსპიკერის ჯენ ფსაკის თქმით, თუ ჩინეთი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ გაითვალისწინებს, აშშ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ ფსაკიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ჟურნალისტმა ფსაკის ჰკითხა, დასავლეთისგან დაწესებული სანქციების ფონზე ხომ არ არსებობდა რუსეთის და ჩინეთის დაახლოებული საფრთხე.

"უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც უკვე გარკვეული დროა ამას ვხედავთ, მათ დაახლოებას. თუმცა ეკონომიკურ ფრონტზე დიდი შვიდეული მოიცავს გლობალური მშპ-ს 50% და მხოლოდ დიდი შვიდეული არ არის ერთიანი ამ სანქციებში. რუსეთი და ჩინეთი კი მშპ-ს მხოლოდ 15%-ს მოიცავენ. ამიტომ, ამ სანქციების შედეგებს მხოლოდ ჩინეთის [დახმარებით] ვერ გაანეიტრალებენ. ასევე, ვხედავთ, რომ დაწესებულ სანქციებს ჩინეთი ითვალისწინებს.

მათ თავი შეიკავეს გაეროს უშიშროების საბჭოში ხმის მიცემისგან და გარკვეული კომენტარები გააკეთეს უკრაინის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. თუ სანქციებს არ გაითვალისწინებენ, გადავდგამთ ნაბიჯებს - ეს არის რასაც აქამდე ვხედავთ." - თქვა ფსაკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

კომენტარები