რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ში ჩინეთის საელჩომ უარყო ინფორმაცია რუსეთის მიერ სამხედრო დახმარების თხოვნის შესახებ

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ უპასუხა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ჩინეთს სამხედრო დახმარება სთხოვა. Reuters-ის კითხვას საელჩოს სპიკერმა უპასუხა, რომ მას ამის შესახებ არასდროს სმენია

ლიუ პენგიუმ თქვა, რომ ჩინეთის პრიორიტეტი უკრაინაში დაძაბული სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის თავიდან აცილებაა. 

"უკრაინაში არსებული სიტუაცია მართლაც შემაშფოთებელია. ახლა მთავარი პრიორიტეტი დაძაბული სიტუაციის ესკალაციის ან კონტროლიდან გამოსვლის თავიდან აცილებაა". – ნათქვამია სპიკერის პასუხში.

The Financial Times-ი აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარებისთვის მიმართა. FT-ის წყაროს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა დახმარებას ითხოვს რუსეთი.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ჩინეთის მაღალჩინოსან დიპლომატს იანგ ჯიეჩის ხვდება. გამოცემა FT წერს, რომ საკითხში ჩახედული პირების ცნობით, სალივანი გეგმავს გააფრთხილოს ჩინეთი, რომ ჩინეთის ნებისმიერი მცდელობას დაეხმაროს რუსეთს სამხედრო აგრესიაში ან სანქციებისგან თავის არიდებაში შედეგები მოჰყვებოდა.

"უზრუნველვყოფთ, რომ ვერც ჩინეთი და ვერც ვინმე სხვა ვერ დაეხმაროს რუსეთს ამ დანაკარგების შემსუბუქებაში. რაც შეეხება ამის მიღწევის გზებს, საჯაროდ ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ კონფიდენციალურად შევატყობინებთ ჩინეთს, როგორც აქამდე ვიქცეოდით და მომავალშიც მოვიქცევით". – თქვა სალივანმა NBC-სთან საუბრისას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები