რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარებისთვის მიმართა

რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარებისთვის მიმართა. ინფორმაციას გამოცემა The Financial Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მისი წყაროს ინფორმაციით უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით და სხვა სახით დახმარება სთხოვა. FT-ის წყაროს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა დახმარებას ითხოვს რუსეთი.

The Financial Times-ის თქმით, საკითხთან დაახლოებული კიდევ ერთი წყაროს ცნობით, აშშ მოკავშირეების გაფრთხილებისთვის ემზადებოდა, რომ არსებობს მინიშნებები, რომ ჩინეთი შესაძლოა რუსეთის დახმარებისთვის ემზადებოდეს.

საკითხთან დაკავშირებით თეთრ სახლს და ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ჩინეთის მაღალჩინოსან დიპლომატს იანგ ჯიეჩის ხვდება. გამოცემა FT წერს, რომ საკითხში ჩახედული პირების ცნობით, სალივანი გეგმავს გააფრთხილოს ჩინეთი, რომ ჩინეთის ნებისმიერი მცდელობას დაეხმაროს რუსეთს სამხედრო აგრესიაში ან სანქციებისგან თავის არიდებაში შედეგები მოჰყვებოდა.

"უზრუნველვყოფთ, რომ ვერც ჩინეთი და ვერც ვინმე სხვა ვერ დაეხმაროს რუსეთს ამ დანაკარგების შემსუბუქებაში. რაც შეეხება ამის მიღწევის გზებს, საჯაროდ ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ კონფიდენციალურად შევატყობინებთ ჩინეთს, როგორც აქამდე ვიქცეოდით და მომავალშიც მოვიქცევით" - თქვა სალივანმა NBC-სთან საუბრისას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები