რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლეინი: ევროკავშირი კრემლის მოქმედებების გამო სანქციათა გამკაცრებას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 7 მარტს ბრიუსელში
Kenzo Tribouillard/AFP

ევროკიმისიი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეინის თქმით, კრემლის სამოქალაქო პირთა, მათ შორის ბავშვებისა და ქალების, უგუნური მოპყრობის პასუხად, ევროკავშირი სანქციათა გამკაცრებას გეგმავს.

"ჩვენ უკვე გვქონდა მძიმე სანქციების სამი პაკეტი, მაგრამ ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ გვაქვს ხარვეზი, რათა სანქციების ეფექტი მაქსიმალურად გავზარდოთ". - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 

ფონ დერ ლეინმა ასევე ხაზი გაუსვა დაწესებული სანქციების ეფექტურობას და აღნიშნა, რომ "რუსეთის ეკონომიკაში სწრაფი დაღმასვლა შეინიშნება". მისი თქმით, ევროკავშირი უნდა გათავისუფლდეს  რუსულ გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე დამოკიდებულებისგან. ფონ დერ ლეინმა განმარტა, რომ 8 მარტს წარადგენს გეგმას, თუ როგორ შეუძლია ბლოკს თავისი ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები