რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: უნდა უზრუნველვყოთ რომ არც ერთ რუსულ ბანკს არ აქვს წვდომა SWIFT-ზე

ლიზ თრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ რომ არც ერთ რუსულ ბანკს არ ჰქონდეს წვდომა SWIFT-ის სისტემაზე.

"დიდი ბრიტანეთი მუშაობს აშშ-სთან, ევროკავშირთან და G7-თან რათა პუტინის ომის მანქანას დაფინანსების წყარო გადავუწუროთ, გავრიცხეთ რუსული ბანკები ფინანსური სისტემიდან, ჩავუკეტეთ რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე და ვმუშაობთ სანქციებზე რუსი ოლიგარქებისთვის, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ.

უნდა უზრუნველვყოთ რომ არც ერთ რუსულ ბანკს არ აქვს წვდომა SWIFT-ზე და მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსეთის ნავთობზე, გაზზე და ქვანახშირზე არ ვიყოთ დამოკიდებული" - თქვა თრსმა ლიტვაში ვიზიტის დროს.

ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს თიშავს. სანქცია ძალაში 12 მარტიდან შევა. SWIFT-იდან გაითიშება ბანკი ოტკრიტიე, ნოვიკომბანკი, პრომსვიაზბანკი, ბანკი როსია, სოვკომბანკი, ვნეშეკონომბანკი (VEB) და VTB ბანკი.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები