რუსული კანონი

მედიცინის მუშაკები და მეცნიერები: რუსული კანონი ხელს შეუშლის ყველა სფეროს განვითარებას

ქართველი ექიმები და მეცნიერები მთავრობას რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართავენ, მათი თქმით ეს კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას, თავისუფლებას და ხელს უშლის ყველა სფეროს განვითარებას, მათ შორის, მათ პროფესიულ საქმიანობას: "რუსული კანონი შეგვიზღუდავს საშუალებას ვითანამშრომლოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მოვიძიოთ დაფინანსება და რესურსები მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. ხელს შეგვიშლის, უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა". 

პეტიციას ხელს, ამ დროისთვის, 101 ადამიანი აწერს. 

"ჩვენ, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მყოფი, ქართველი მეცნიერები და მედიცინის მუშაკები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დამტკიცებას. კრემლის მიერ შთაგონებული, ეს, რუსული კანონი ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და უმთავრეს ღირებულებას - თავისუფლებას. 

საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფით.

სოლიდარობას ვუცხადებთ ქუჩაში გამოსულ, ასი ათასობით ადამიანს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს. მათ,  ვინც დღეს ხმამაღლა და დაუღალავად აპროტესტებს ქვეყნისათვის დამღუპველ რუსულ კანონს,  რისთვისაც,  ფიზიკურად უსწორდება სახელმწიფო მანქანა -  ცრემლსადენი და მხუთავი აირით წამლავს საკუთარ მომავალს. ამის მიუხედავად, ხალხი მყარად დგას, თავდაუზოგავად იცავს საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს!

ქედს ვიხრით, მათი გამბედაობის და შეუპოვრობის წინაშე, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში.

აღნიშნული კანონ-პროექტი არა მხოლოდ ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ - ანგრევს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც მსხვერპლად შეეწირება არაერთი თაობა და მისი მომავალი. 

ჩვენ, მეცნიერებს და მედიკოსებს, კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და მხარდაჭერა პროგრესის, ინოვაციებისა და კეთილღეობისათვის. აღნიშნული კანონი არის ფუნდამენტურად რეგრესული და ის შეაჩერებს უკლებლივ ყველა სფეროს განვითარებას, მათ შორის მედიცინისა და მეცნიერების. რუსული კანონი შეგვიზღუდავს საშუალებას ვითანამშრომლოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მოვიძიოთ დაფინანსება და რესურსები მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. ხელს შეგვიშლის, უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა, ჩვენი სტუდენტების  მეცნიერების და ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებში დროული ჩართვა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ყური უგდოს ხალხის ხმას, სტრატეგიული პარტნიორების რჩევას და არ მიიღოს ქვეყნის ინტერესების შეუქცევადად დამაზიანებელი კანონი". - წერია პეტიციაში. 

კომენტარები