რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ჩვენი ფრაქცია ამაში მონაწილეობას არ მიიღებს" – ოცნება რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება

ქართული ოცნების წევრის, გივი მიქანაძის თქმით, მათი ფრაქცია ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ამის შესახებ ოცნების წევრმა პარლამენტში გამართულ ბრიფინზე ისაუბრა.

საკანონმდებლო ორგანოში ჩანიშნულ ხვალინდელ რიგგარეშე სხდომას, რომლის ჩატარების მოთხოვნასაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 24 თებერვალს მოაწერა ხელი, ოცნების წევრი ნაციონალური მოძრაობის პოპულიზმად აფასებს და შოუს უწოდებს.

"როგორც მოგეხსენებათ, ხვალ პარლამენტის 41 დეპუტატის ინიციატივით, რომელთაგან დიდი უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის წევრია, მოწვეული იქნა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, პირდაპირ გვინდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის საკითხზე იმ ხალხის მიერ შემოთავაზებულ შოუში, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ. აქვე დავძენთ, რომ სხდომის გამართვის საჭიროება ამ ეტაპზე ობიექტურადაც არ არსებობს. იმაზე ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს, რომ მათ დღისწესრიგში შესატანი ორი საკითხიდან ვერცერთი მოარგეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. 

საქართველო მოქმედებს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის პირობებში, მხარს უჭერს მეგობარ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. მოცემულ სიტუაციაში ნამდვილად არ არის ნაც. მოძრაობის წარმომადგენლების ყალბ ემოციებზე და მათ პოპულიზმზე აყოლის დრო. 

იკვეთება, რომ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც წარმოადგენს მეხუთე კოლონას საქართველოში 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, პირდაპირი ამოცანაა საქართველოსკენ გადმოვიდეს მეტი ყურადღება, შეიქმნას პროვოკაციული ფონი და ჩვენმა ქვეყანამაც არა პრაგმატული, არამედ ემოციური გადაწყვეტილებები მიიღოს და გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვას.  ჩვენი ამოცანა კი პირიქით, პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, ჩვენი ქვეყნის, უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესების და ეკონომიკის დაცვაა. ამავე დროს ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, უკრაინას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

ქვეყნის ყველა პირველი პირი მკაფიო შეფასებებითა და განცხადებებით გამოეხმაურა რუსეთის ღია სამხედრო აგრესიას უკრაინაში; პარლამენტმა, მეორემ მსოფლიოში, მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია; მთავრობა მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების დეტალებზე; პარლამენტის საგარეო კომიტეტი ამზადებს კიდევ ერთ მხარდამჭერ განცხადებას.

რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას და ნაც. მოძრაობას, ჩვენ არ ვაპირებთ მათ პოპულიზმში თუ თავისი მავნებლობების ჩამორეცხვის კამპანიაში და მათ დღისწესრიგში ჩართვას.
შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია ამაში მონაწილეობას არ მიიღებს, რის გამოც ხვალინდელი სხდომა, რომელიც მხოლოდ ნაც. მოძრაობის პოპულისტურ და მავნებლურ მიზნებს და არა უკრაინის მხარდაჭერას ემსახურება, არ და ვერ გაიმართება. – ამბობს გივი მიქანაძე.

ხვალ, 25 თებერვალს საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. საპარლამენტო სხდომა 12 საათზე ჩაინიშნა.

დღეს, 24 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოთხოვნას ხელს მოაწერდა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მანამდე კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს ამბობდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო სხდომის ჩანიშვნა საჭირო არ იყო.

კომენტარები