რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზურაბიშვილი: ვაპირებ, ხელი მოვაწერო პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოთხოვნას

კადრი ვიდეოდან / სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოთხოვნას ხელს მოაწერს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით, მშვიდობის მხარე.

ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამეთუ უკრაინის ყველა საკითხი, ჩვენი საკითხია". – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ ის უერთდება დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას.

"ტრაგიკული დღეა დღეს უკრაინისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა უკრაინა ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდზე დგას. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე დემოკრატიული ერისთვის, ევროპაში და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა, პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ დღეს თავიანთი ქვეყნის სუვერენობის დაცვას. მინდა შევუერთდე დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას". – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კი მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო სხდომა საჭირო არაა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები