რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღებას ცდილობენ

ჩერნობილის გაუცხოების ზონა

ბელარუსის ტერიტორიიდან რუსი სამხედროები ჩერნობილის გაუცხოების ზონაში შევიდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღების მცდელობა მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა.

"რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღებას ცდილობენ. ჩვენი დამცველები სიცოცხლეს სწირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია არ გამეორდეს. ინფორმაცია მივაწოდე შვედეთის პრემიერმინისტრს. ეს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა." - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს თქმით, ბირთვული ნარჩენების კოლექტორების დაზიანების შემთხვევაში საფრთხე უკრაინას, ბელარუსს და ევროკავშირის ქვეყნებს შეექმნება.

"ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც საშიში ბირთვული, რადიოაქტიური ნარჩენების კოლექტორებს იცავენ, იბრძვიან.

თუ დამპყრობლების საარტილერიო ცეცხლი ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს მოხვდება და გაანადგურებს ან დააზიანებს, რადიოაქტიური მტვერი შეიძლება მთელი უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ტერიტორიებზე გავრცელდეს" - წერს გერაშენკო.

ასევე ბელარუსიდან სამხრეთდასავლეთის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს.

უკრაინის სასაზღვრო ძალების ცნობით, რუსული ჯავშანტექნიკა კიევის ოლქში შევიდა. კიევის ოლქი ბელარუსს ესაზღვრება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები