ავღანეთი

ადგილობრივი ლიდერის დაკავების გამო, თალიბანს უზბეკები დაუპირისპირდნენ

თალიბანის წევრები 2021 წლის 19 აგვისტოს, ქაბულში ჩატარებულ პარადზე

ავღანეთში, თურქმენეთის მოსაზღვრე ფარიაბის პროვინციაში ადგილობრივი ლიდერის დაკავების გამო, თალიბანს უზბეკები და სხვა ეთნიკური უმცირესობები დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგ, რაც თალიბანი ქვეყნის მმართველობაში მოვიდა, დაძაბულობა მატულობს თალიბ პუშტუნებსა და ისეთ უმცირესობის წარმომადგენელ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, როგორებიც არიან უზბეკები, ტაჯიკები და თურქმენები.

დაპირისირება ფარიაბის პროვინციის დედაქალაქში, მაიმანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბების მიერ ადგილობრივი ლიდერის, მახდუმ მუჰამედ ალემ რაბანის დაკავების პროტესტი შეტაკებებში გადაიზარდა. მახდუმ ალემი თალიბანის წარმოშობით უზბეკი გენერალია. ალემი ადგილობრივ უხუცესებსა და ლიდერებში დიდი გავლენით სარგებლობდა და ამ რეგიონის თალიბანის მიმართ ერთგულებას უზრუნველყოფდა. 

მახდუმ ალემი 2022 წლის 12 იანვარს მაზარ-ი შარიფში, ბალხის პროვინციის დედაქალაქში გამოიძახეს, სადაც ის გატაცებებში ჩართულობის ბრალდებით დააკავეს, როგორც ამას თალიბანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მოლა ფაზელი იუწყება. 

როდესაც მაიმანაში ალემის დაკავების შესახებ შეიტყვეს, დაიწყო პროტესტის ტალღა, რომლის მონაწილეებიც ძირითადად უზბეკები იყვნენ. ისინი შეიკრიბნენ უსაფრთხოების უწყებების შტაბბინების გარშემო და ალემის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამას მოჰყვა სროლები, რასაც, მინიმუმ, 4 ადამიანი ემსხვერპლა. უზბეკებმა თალიბებს აიძულეს იარაღის დაყრა, შემდეგ კი ისინი ქალაქის ქუჩებში ჩამოატარეს. 

ალემის მოადგილე, თურქოღლუ იმუქრებოდა, რომ თუ არ გაათავისუფლებდნენ მათ ლიდერს, მაშინ უსაფრთხოების უწყების შენობებიდან თალიბანის დროშებს ჩამოხსნიდნენ. 

არსებული ინფორმაციით, თალიბანმა პროვინციაში გაგზავნა დამატებითი ძალები, თვითმკვლელი ტერორისტების რაზმის ჩათვლით, თუმცა 4-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ უთანხმოება მოგვარდა. 

მოვლენების პარალელურად, დააკავეს კიდევ ერთი თალიბი გენერალი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, ტაჯიკი კარი ვაკილი. თალიბანმა ალემი ქაბულში გადაიყვანა, ვაკილის ბედი კი ჯერაც უცნობია. 

თალიბანის ალ-ფატას 209-ე კორპუსის გენერალი, ათაულა ომარი ამბობს, რომ ამ დაპირისპირებაში ჩარეული არიან გარე ძალები. მას არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყანა ან ჯგუფი. 

თალიბანის ხელმძღვანელობაში უმრავლესობა კვლავ ეთნიკური პუშტუნები არიან და სამმართველო წარმომადგენლობაში არყოფნა ჩრდილოეთ ავღანეთის ეთნიკური ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

ჩრდილოეთ ავღანეთის ნაწილებში გრძლედება თალიბანის წინააღმდეგ მცირე შეტაკებები. Radio Azadi-ს ცნობით, შეტაკებები ხდება ბაღლანის, ბალხის, ბადახშანისა და ფარიაბის პროვინციებში. პარტიზანულ ჯგუფებზე ვარაუდობენ, რომ ისინი ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის (NRF) წევრები არიან. NRF პანჯშირის ხეობაში იყო გამაგრებული, მანამ სანამ თალიბანი ამ რეგიონზე კონტროლს მოიპოვებდა. ცნობების მიხედვით, მცირე შეტაკებები პანჯშირის ხეობაშიც ხდება ხოლმე. ჩრდილოეთ ავღანეთში გააქტიურებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციაც (ISIS-K).


2021 წლის აგვისტოში აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ. 

კომენტარები