ღამის კლუბები

კლუბები 5-6 მარტიდან მუშაობას განაახლებენ

კლუბები მუშაობას 5-6 მარტიდან განაახლებენ. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. თუმცა, ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც კლუბში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება. 

"აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო. საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააცნო. 

ილია დარჩიაშვილი დავით ლეჟავას მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძესა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძესთან ერთად შეხვდა. როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გთვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა". - წერია განცხადებაში. 

23 იანვარს კლუბებმა განცხადება გაავრცელეს, რომ მუშაობის განახლებას ვირუსის გავრცელების პიკის დაღმასვლისთანავე - 4-5 მარტს აპირებდნენ.   

მას შემდეგ, რაც კლუბებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ 14-15 იანვარს ზამთრის ბოლო ღონისძიებებს გამართავდნენ და საკუთარი გადაწყვეტილებით დროებით დაიხურებოდნენ, მთავრობამ საკლუბო სივრცეებს ამ დღეებში მუშაობის უფლება მისცა. მთავრობამ ღამის კლუბებს მუშაობის უფლება 31 დეკემბერს, 1 იანვარსა და 7-9 იანვარსაც მისცა.

23 დეკემბერს თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ "ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად" გააგრძელებენ მუშაობას კორონავირუსის "მინიმუმამდე გავრცელების მექანიზმით". მათივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების მიზნით, მთავრობა საკლუბო სივრცეების მეიჯარეებს მოსთხოვეს, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა.

19 დეკემბერს შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული. იქამდე კი, 17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ღონისძიებების ჩატარება ნებადართული არ იყო.

კომენტარები