ღამის კლუბები

კლუბები: დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადავდეთ, ეს ბოლო შესაძლო კომპრომისია

ღამის კლუბების განცხადებით, შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადაიდოს. განცხადებას CAFE-GALLERY სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"თბილისის საკლუბო სცენის უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით არსებული კრიზისის დასაძლევად დღეს გაიმართა სცენის წარმომადგენლების შეხვედრა შრომის ინსპექციასთან.

საერთო ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, დღეს, შაბათს, 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადავდოთ. ჩვენი მხრიდან ეს არის ბოლო შესაძლო კომპრომისი". – ნათქვამია განცხადებაში.

17 დეკემბერს კლუბებში დაგეგმილი ღონისძიებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ მათი გამართვა ნებადართული არ არის. ღამის კლუბებმა დაგეგმილი წვეულებები გამართეს.

7 დეკემბერს კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილი დაწერა, რომ 17 დეკემბრიდან კლუბები მუშაობას განაახლებდნენ.

20 ოქტომბერს ორაშვილმა დაწერა, რომ უსაფრთხოების წესების სრულად დაცვით ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელსაც 1 500 ადამიანი ესწრებოდა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.5%-ია. ორაშვილის ინფორმაციით, დახურულ სივრცეში ჩატარებულ კვლევაში მხოლოდ სრულად სრულად ვაქცინირებული (71.08%), კოვიდგადატანილი (12.04%) და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე (16.88%) ადამიანები მონაწილეობდნენ.

კომენტარები