ღამის კლუბები

MTKVARZE: კლუბი დაუსწრებლად დაგვილუქეს – არ ვაპირებთ დავნებდეთ უკანონო შეზღუდვებს

კლუბ MTKVARZE-ს განცხადებით, 24 დეკემბერს შრომის ინსპექციამ სივრცე მფლობელების დაუსწრებლად დალუქა. განცხადებაში კლუბი სახელმწიფოს მოქმედებებს ადამიანების დაცინვას, მოტყუებასა და ტერორს უწოდებს.

"გუშინ დაუსწრებლად დაგვლუქეს, ისე რომ ადგილზე არავინ იყო, ამიტომ გვიწევს დღევანდელი ივენთის უკვე მეორედ გადადება. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ორმაგ სტანდარტებს და დავნებდეთ უკანონო შეზღუდვებს. პირიქით, დღეიდან ვიწყებთ საპროტესტო აქციისთვის მზადებას. ის, რაც ჩვენი სექტორის მიმართ სახელმწიფომ ჩაიდინა, არის ადამიანების დაცინვა, მოტყუება და ტერორი. არავის მივცემთ ჩვენი აბუჩად აგდების უფლებას და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს სიმართლეს და ღირსებას". – ნათქვამია განცხადებაში.

24 დეკემბერს კლუბი BASSIANI-ის დასალუქად შრომის ინსპექცია მივიდა, თუმცა, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც კლუბებისადმი უსამართლო დამოკიდებულებას აპროტესტებენ, უწყებას იქ შესვლის საშუალება არ მისცეს. ადგილზე მყოფი რეპორტიორების ცნობით, შრომის ინსპექციამ კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ 22 დეკემბერს თქვა, რომ საბჭოს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე თმით, საკლუბო ღონისძიებების ჩატარება კვლავ აკრძალულია.

23 დეკემბერს თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ "ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად" გააგრძელებენ მუშაობას კორონავირუსის "მინიმუმამდე გავრცელების მექანიზმით". მათივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების მიზნით, მთავრობა საკლუბო სივრცეების მეიჯარეებს მოსთხოვეს, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ღონისძიებების ჩატარება ნებადართული არაა.

მიუხედავად ინსპექციის ამ განცხადებისა, ღონისძიებები მაინც ჩატარდა, თუმცა, 18 დეკემბერს, ღამის კლუბების წარმომადგენლებმა, შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადადებულიყო და ამას "ბოლო კომპრომისი" უწოდეს. 

19 დეკემბერს შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.

საქართველოს კლუბების ასოციაციის განცხადებით, 17-18 დეკემბრის ღონისძიებები სწორედ შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმების შედეგად დაიგეგმა. 

კომენტარები