ღამის კლუბები

BASSIANI 10 000 ლარით დააჯარიმეს, კლუბმა ჯარიმის ქვითარი არ ჩაიბარა

კლუბი BASSIANI-ის დასალუქად შრომის ინსპექცია მივიდა, თუმცა, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც კლუბებისადმი უსამართლო დამოკიდებულებას აპროტესტებენ, უწყებას იქ შესვლის საშუალება არ მისცეს. ადგილზე მყოფი რეპორტიორების ცნობით, შრომის ინსპექციამ კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმა.

მოქალაქეები შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს "მონებს" ეძახნდნენ და ეკითხებოდნენ, რატომ არ აჯარიმებდნენ სამთავრობო ღონისძიებების ორგანიზატორებსაც.

კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ტატო გეთიას თქმით, კლუბი რეგულაციების დაცვით გააგრძელებს ფუნქციონირებას. მისივე თქმით, მათ 10 000-ლარიანი ჯარიმის ქვითარი არ ჩაიბარეს. 

დღეს BASSIANI-სა და სხვა ღამის კლუბებში ღონისძიებები იყო დაგეგმილი, თუმცა, მათ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შრომის ინსპექცია კლუბების დალუქვას გეგმავს, რის შემდეგაც, მოქალაქეები კლუბთან შეიკრიბნენ. 

BASSIANI-ს დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი ამბობს, რომ პატიმრობადაც რომ დაუჯდეს, შრომის ინსპექციას საკლუბო სივრცეების დალუქვის საშუალებას არ მისცემს. 


უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ 22 დეკემბერს თქვა, რომ საბჭოს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. მისივე თმით, საკლუბო ღონისძიებების ჩატარება კვლავ აკრძალულია.

23 დეკემბერს თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ "ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად" გააგრძელებენ მუშაობას კორონავირუსის "მინიმუმამდე გავრცელების მექანიზმით". მათივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების მიზნით, მთავრობა საკლუბო სივრცეების მეიჯარეებს მოსთხოვეს, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ღონისძიებების ჩატარება ნებადართული არაა.

მიუხედავად ინსპექციის ამ განცხადებისა, ღონისძიებები მაინც ჩატარდა, თუმცა, 18 დეკემბერს, ღამის კლუბების წარმომადგენლებმა, შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადადებულიყო და ამას "ბოლო კომპრომისი" უწოდეს. 

19 დეკემბერს შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.

საქართველოს კლუბების ასოციაციის განცხადებით, 17-18 დეკემბრის ღონისძიებები სწორედ შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმების შედეგად დაიგეგმა. 

კომენტარები