სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

"არასერიოზულია, პარლამენტმა 2025 წლამდე ამირჩია" – თოლორაია პრემიერის შეთავაზებაზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ, ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზებას უპასუხა მის სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებასთან დაკავშირებით და ამას არასერიოზული უწოდა.

"ნამდვილად არასერიოზულია ეს შემოთავაზება. სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციას ვიკავებ, პარლამენტმა ამირჩია 2025 წლამდე, თუ მათ რაიმეს შემოთავაზება უნდოდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის და თავად სახელმწიფო ინსპექტორისთვის, ეს კანონი უნდა ყოფილიყო არა ასეთი, არამედ სხვანაირი, როდესაც მეც და ყველა თანამშრომელი გავაგრძელებდით მუშაობას თუნდაც რეფორმირებულ სამსახურში", - უპასუხა თოლორაიამ პრემიერმინისტრს.

28 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, TV იმედის ეთერით, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება შესთავაზა

"შემიძლია, [ლონდა თოლორაიას] საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო აქედან მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი კადრი, თუ მას აღარ მოუნდება კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, მას ყველა კარი აქვს ღია", - თქვა ღარიბაშვილმა.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.

ცვლილებების მიხედვით, სამსახურის ბაზაზე 2 ახალი სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ კანონპროექტით ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. 

კომენტარები