სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია: მოხელეებს ეუბნებიან, თუ ზედმიწევნით დაიცავთ კანონს, შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდეთ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა. თოლორაიამ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ამ უწყების ყველა თანამშრომლის სამაგლათო დასჯაა, რაც ძალიან საშიში პრეცედენტია.

"ეს არის საჯარო მოხელეებისთვის იმის თქმა, რომ თუ თქვენ ზედმიწევნით დაიცავთ კანონს, თუ თქვენ იქნებით კეთილსინდისიერი, თუ თქვენ თქვენი შინაგანი ხმით მიიღებთ გადაწყვეტილებებს და ეს სამსახური, თამამად ვაცხადებ, ზუსტად ასე იღებდა გადაწყვეტილებებს, თქვენ ერთ დღეს შეიძლება, მარტივად გადავწყვიტოთ და ქუჩაში აღმოჩნდეთ." – თქვა თოლოარიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით ამ უწყებას ჰქონდა მნიშვნელოვანი ფუნქციები, მოხელეთა ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება იყო შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც დისკომფორტს უქმნიდა სამართალდამცველებს. თუმცა თოლორაია არ უკავშირებს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას რომელიმე კონკრეტულ გადაყწყვეტილებას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება, რატომღაც დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.

კომენტარები