ღამის კლუბები

ROKVA: ხელისუფლება მეორედ გვაყენებს გამოუსწორებელი ზარალის წინაშე, დიალოგი დროის კარგვაა

"მოლაპარაკების ფორმატი, რომელშიც სახელისუფლებო ინსტიტუტი, შრომის ინსპექცია, შანტაჟის რეჟიმში ესაუბრება საკლუბო სივრცეების წარმომადგენლებს და გახსნის განხილვის გადადებით ემუქრება წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, არის აბსურდი, სიჯანსაღისგან სრულიად დაცლილი პროცესი და სახელმწიფოსგან სფეროს და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების სრული უგულვებელყოფა". - ამის შესახებ ფესტივალი ROKVA Facebook-ზე წერს. 

ფესტივალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნებისმიერი სახის დიალოგი სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან დროის კარგვაა, რადგან ხელისუფლება მუდმივად უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კომპრომისზე და უკვე მეორედ აყენებს მათ გამოუსწორებელი ზარალის წინაშე. 

ROKVA-ს განცხადება: 

ყველანაირ რაციონალურ შეფასებას სცდება მოვლენების ამ თანმიმდევრობით განვითარება:

პარასკევს ჩანიშნული ყველა ღონისძიება ჩატარდა, შემოწმებების ფონზე, მაგრამ ჩატარდა;

ამასთან ერთად, პრობლემა გახდა შაბათს, იმავე ლოკაციებზე დაანონსებული შეხვედრების გამართვა, ოღონდ, ესეც მხოლოდ შაბათს, დღის მეორე ნახევარში გადაწყდა.

ამ "მოლაპარაკებებში" ჩართულ ყველა სივრცეს აქვს ფუფუნება, დაგეგმილი ღონისძიება გადადოს მომავალ პერიოდზე, მაშინ, როდესაც, გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, ჩვენთან უკვე მიმდინარეობდა საღამოს ძირითადი ნაწილი.

ჩვენს შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია სივრცის მეპატრონეების პოზიცია: მხარში დგომის დაპირების მიუხედავად, ისინიც შეაშინეს, მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, რომელიც მოულოდნელად და არსაიდან დადგებოდა, პარასკევის ღონისძიების დაჯარიმების გარეშე; ფაქტობრივად, ღონისძიების გაგრძელება შეუძლებელი გახდა მაშინ, როდესაც ზაფხულში სახელმწიფოსგან მოწყობილი საბოტაჟის მსხვეპრლები უკანასკნელ ძალებს ვიკრებთ სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, რასაც ემსახურებოდა კიდეც ROKVA SPINOFF.

ხელისუფლება მუდმივად უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კომპრომისზე და უკვე მეორედ გვაყენებს გამოუსწორებელი ზარალის წინაშე, მაშინ, როცა ქვეყანაში არსებული ყველა ღია თუ დახურული სივრცე, გარდა კლუბებისა, შეუფერხებლად მუშაობს კოვიდრეგულაციების დაცვით.

ვფიქრობთ, რომ ინსტიტუტებთან, რომელმაც არაერთხელ არ შეასრულა დაპირება, ნებისმიერი სახის დიალოგი დროის კარგვაა, ამის მაგალითია 18 დეკემბერს შემდგარი უსასრულო შეხვედრა, სადაც, შედეგად მხოლოდ იმავე საღამოს დაგეგმილი ღონისძიებების გადადება და ჩვენ შემთხვევაში, გაუქმება მივიღეთ.

ირონიულია, რომ გვესმის სიტყვები: "მოლაპარაკება," "სფეროს საერთო ინტერესები," "მხარდაჭერა" და სხვა, შედეგი კი ჩვენი ღონისძიების ზედიზედ მეორედ გაუქმებაა, კომპრომისის გარეშე და ორმაგი სტანდარტით.

აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ ნახევრად ჩატარებული ღონისძიება ქმედითად, არაფერს ცვლის: აქაც, სახეზეა უსაფუძვლო სტანდარტი, ნაწილობრივი თვალის დახუჭვა პროცესებზე პრინციპული პოზიციების დაფიქსირებისთვის. კოვიდ-უსაფრთხოება რომ მეასეხარისხოვანი მიზეზია, ცხადად ჩანს ამ რამდენიმე დღეში განვითარებულ მოვლენებში.

მიუხედავად ყველაფრისა, შევხვდებით ძალიან მალე.

ინფორმაციას ბილეთების შესახებ მოგაწვდით უახლოეს მომავალში.

ზაფხულში, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებამ ფესტივალ როკვას ასი ათასობით ლარის ზარალი მოუტანა. 12 აგვისტოს საბჭომ გამოაცხადა, რომ 3 კვირის განმავლობაში ქვეყანაში ფესტივალების ჩატარება იკრძალება. ამ გადაწყვეტილებამ კი ჩაშალა ფესტივალი ROKVA, რომელიც რაჭის მუნიციპალიტეტში – შოვში 14-15 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, შესვლა მხოლოდ სწრაფი ან PCR ტესტების საშუალებით ხდებოდა და რომლისთვისაც ორგანიზატორები მინიმუმ 6 თვე ემზადებოდნენ.

"ჯოჯოხეთში ვართ" – ფესტივალ ROKVA-ს ახალმა შეზღუდვებმა ასობით ათასი ლარის ზარალი მოუტანა

17 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ნებადართული არაა. ღონისძიებები მაინც ჩატარდა, თუმცა, 18 დეკემბერს, ღამის კლუბების წარმომადგენლებმა, შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადაიდოს.

19 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.

საქართველოს კლუბების ასოციაციის განცხადებით, 17-18 დეკემბრის ღონისძიებები, სწორედ შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმების შედეგად დაიგეგმა. 

კომენტარები