უკრაინა

CNN: უკრაინული დაზვერვა დაქირავებული რუსი მებრძოლების დაკავების ოპერაციას გეგმავდა

პრორუსი დაქირავებული მებრძოლები უკრაინაში

CNN-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინული დაზვერვა გეგმავდა დაეკავებინათ რუსი დაქიარავებული მებრძოლები, რომელთაც უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენა ედებოდათ ბრალად. ანონიმური პირები CNN-თან 1 წის წინ, ბელარუსში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეხნენ.

2020 წლის 29 ივლისს, ბელარუსში, მინსკთან ახლოს რუსული კერძო სამხედრო ჯგუფის, ვაგნერის 32 წევრი დააკავეს. მაშინ, ამ მოვლენებიდან დაახლოებით ორ კვირაში, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ლუკაშენკოს მთავრობამ იეჭვა, რომ დაქირავებულები არჩევნების პროცესში ჩასარევად და გარკვეული პროვოკაციების მოსაწყობად იყვნენ გამოგზავნილი. ეჭვობდნენ, რომ ბელარუსში შემოსული იყო 200 დაქირავებული მებრძოლი. პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთს ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებიც კი მოსთხოვა. 32 სამხედროს დაკავებამ არჩევნების წინ, რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობის მოკლევადიანი დაძაბვა გამოიწვია. 

ბელარუსი სპეცრაზმელი აკავებს დაქირავებულ რუს მებრძოლს, 2020 წელი, 29 ივლისი

თუმცა, როგორც CNN-ი იუწყება, ამ 32 სამხედროს მიზანი ბელარუსში დესტაბილიზაციის მოწყობა არ ყოფილა, არამედ ისინი უკრაინის დაზვერვის მახეში იყვნენ გაბმული. გამოცემის თქმით, მათ უკრაინის დაზვერვის სამმა ანონიმურმა პირმა უამბო, თუ როგორ აპირებდნენ სამხედრო დამნაშავე რუსი მოქალაქეების დაკავებას.

უკრაინელმა ჯაშუშებმა დაქირავებული მებრძოლების მოსატყუებლად, შეიმუშავეს ცრუ რუსული კერძო სამხედრო კომპანია, რომელიც მებრძოლებს ვენესუელაში ნავთობის ქარხნების დაცვის სანაცვლოდ თვეში 5 000 დოლარს სთავაზობდა. ასე გადმოსცემენ ინფორმაციას ანონიმური პირები უკრაინის დაზვერვიდან, რომელთაც არ აქვთ უფლება მსგავსი მნიშვნელობის ოპერაციებზე საჯაროდ ისაუბრონ, როგორც ამას CNN-ი იუწყება. 

ანონიმური წყაროს თქმით, უკრაინული დაზვერვის ანკესს ასობით რუსი მოქირავნე მებრძოლი წამოეგო და მუშაობის დაწყება სცადეს, რაც უკრაინული მხარისთვის იყო შანსი მათი იდენტიფიცირებისთვის. 

"მათთან რეკვები დავიწყეთ და ვეუბნებოდით: "მისმინე, მეგობარო, კარგი, შენზე მომიყევი რამე. იქნებ სულაც არ ხარ მებრძოლი, იქნებ ხელოსანი ხარ, ან რამე ეგეთი". შემდეგ ისინი საკუთარ თავზე ყვებოდნენ, გვიგზავნიდნენ დოკუმენტებს, სამხედრო საბუთებსა და იმის მტკიცებულებას, თუ სად იბრძოდნენ. ჩვენ [ამ ყველაფერზე] ვფიქრობდით, ბინგო! გამოგვადგებაო', – ამბობს CNN-თან სამიდან ერთ-ერთი ანონიმური წყარო.

რუსი დაქირავებულები გზავნიდნენ ვიდეოებსა და ფოტოებს, საკუთარი საბრძოლო გამოცდილების დასადასტურებლად. ერთ-ერთ გამოგზავნილ ვიდეოში ჩანდა, თუ როგორ პოზირებდნენ ჩამოგდებული უკრაინული სამხედრო საფრენი აპარატის ნამსხვრევთან რუსი მოქირავნეები. ნამსხვრევზე უკრაინის გერბი იყო გამოსახული. 

ნაწყვეტი რუსი დაქირავებული მებრძოლების ვიდეოდან
CNN

ზოგიერთი მათგანი თავს აკავშირებდა უკრაინაში, 2014 წლის ივლისში, მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის MH17 რეისის ჩამოგდებას, თვითმფრინავის, რომელიც სამოქალაქო დანიშნულების იყო და მგზავრები გადაჰყავდა. ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა გარდაიცვალა. მაშინ ჰოლანდიელ გამომძიებელთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ თვითმფრინავი რუსეთიდან შემოტანილი რაკეტით, სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოაგდეს. რუსეთმა მომხდართან კავშირი უარყო.

"[დაზვერვის მოუტყუებული რუსი მებრძლებიდან] იყო ორი, რომელიც MH17-ის ჩამოსაგდები რაკეტის გაშვებას ესწრებოდა. კიდევ ოთხი იყო პასუხისმგებელი ჩვენი სამხედრო საჰაერო ხომალდის ჩამოგდებასა და ჩვენი, მინიმუმ, 70 რჩეული მებრძოლის მოკვლაზე. ამ ადამიანთა იდენტიფიცირება და დასჯა ჩვენთვის დიდ ინტერესს წარმოადგენდა", – თქვა CNN-თან ანონიმურმა წყარომ უკრაინის დაზვერვიდან. 

რუს კერძო მებრძოლებს უთხრეს, რომ ისინი რუსეთიდან თურქეთში უნდა ჩასულიყვნენ, აქედან კი რეისების გამოცვლით ვენესუელაში, კარაკასისკენ გაფრინდებოდნენ. რეალური გეგმა, მათი უკრაინაში მოხვედრა და დაკავება იყო. ანონიმური პირების მიხედვით, გეგმა Covid-19-ის პანდემიამ შეცვალა, რადგან რუსეთმა გარკვეულ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან, საზღვარი ჩაკეტა და პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. თუმცა, შესაძლებელი იყო მინსკში ავტობუსით გადასვლა, რაც უკრაინულმა დაზვერვამ მოაგვარა კიდეც, როგორც ამას წყაროები ამბობენ. ბელარუსიდან კი დაიწყებოდა ვენესუელაში გაფრენის გეგმა. თუმცა მოვლენები აქაც სხვაგვარად წავიდა და სამხედროებს შეყოვნება მოუწიათ. ისინი მინსკიდან 15 წუთის სავალ სანატორიუმში, "ბელარუსაჩკაში" მოათავსეს. მებრძოლთა ჯგუფი არ დარჩა შეუმჩნეველი ბელარუსის უსაფრთხოების ძალებისთვის და, CNN-ის თქმით, ისინი სწორედ სანატორიუმის დატოვებამდე დააკავეს. 

"გვაქვს მტკიცებულებები, რომ ამ რუსებს რეალური საბრძოლო გამოცდილება აქვთ მიღებული" – ამბობდა ბელარუსის ტელევიზიასთან ინტერვიუში ერთ-ერთი შენიღბული და კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელი, რომელმაც სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღო.

ბელარუსი პოლიციელები რუს დაქირავებულ მებრძოლებს აკავებენ, 2020 წლის 29 ივლისი

რუსი მოქირავნეების დაკავებიდან რამდენიმე დღეში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრ ლუკაშენკოს დაურეკა და სთხოვა, უკრაინისთვის გადმოეცა რუსი კერძო სამხედროები.

"ვიმედოვნებ, ყველას, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტულ ქმედებებშია ეჭვმიტანელი, გადმოგვცემთ, რათა გავასამართლოთ ამჟამინდელი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების შესაბამისად", – უთხრა ზელენსკიმ ლუკაშენკოს სატელეფონო საუბარში. 

რამდენიმე დღეში, ლუკაშენკო პუტინსაც ესაუბრა და დაკავებული პირები რუსეთს გადასცეს.

2021 წლის ივნისში, უკრაინის მიერ მსგავსი ოპერაციის დაგეგმვა უარყო პრეზიდენტმა ზელენსკიმ და თქვა, რომ რუსი დაქირავებული მებრძოლების დაკავება შესაძლოა სხვა ქვეყნების დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო.

CNN-მა უკრაინულ მხარეს ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა, რასაც გამოხმაურება არ მოჰყოლია. თუმცა, ანონიმური წყაროების თქმით, ეს იყო მძიმე დარტყმა უკრაინული დაზვერვისთვის, რადგან ისინი 18 თვის განმავლობაში აგროვებდნენ ინფორმაციას დაქირავებულ რუს სამხედროებზე.

ასევე, CNN-ის თქმით, უკრაინის დაზვერვის ანონიმურმა წევრებმა მათ უთხრეს, რომ ამ ყველაფერში აშშ-ც იყო ჩართული. მათი თქმით, სპეცოპერაციის დასაგეგმად აშშ მათ ფულით, ტექნიკური დახმარებითა და ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) რჩევებით ამარაგებდა. გამოცემასთან ეს ინფორმაცია უარყო აშშ-ს მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა და ამ ყველაფერს სიცრუე უწოდა.

CNN-ის გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს. მან ეს ინფორმაცია უარყო და ივარაუდა, რომ CNN-ი მოატყუეს. 

"მოდი იმით დავწიყოთ, რომ [CNN-ის] მასალაში საერთოდ არაა ფაქტობრივი მტკიცებულებები. შემდეგ, ანონიმურმა წყარომ ისაუბრა შესაძლო მოვლენებზე. თავად შეერთებულ შტატებში აბსოლუტურად უარყვეს რაიმე მსგავს ოპერაციაში მონაწილეობა. რა პოზიცია უნდა გვქონდეს? ჩვენ ფორმალურად უნდა ჩავერთოთ ანონიმურ წყაროებთან დიალოგში. CNN-ის ჟურნალისტებს უკრაინაში ვისთან შეეძლოთ დალაპარაკება? ვინ არიან ეს ანონიმური ადამიანები, ვისი სიტყვებიც გამოიყენეს? და როგორ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს "ანონიმები" არ არიან კავშირში რუსულ ინტერესებთან და გავლენებთან?" – თქვა რადიო თავისუფლებასთან უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) საკმაოდ ჩქარი რეაქცია გამოიჩინა და CNN-ის ინფორმაციის პასუხად უკრაინა სახელმწიფოებრივი ტერორის აქტის ჩადენაში დაადანაშაულა. 

"პირველ რიგში, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს არის რუსეთის მოქალაქეების მესამე ქვეყნიდან გატაცების დაგეგმვა და ყველაფერი, რაც ხდება, რასაც უკრაინის სპეცსამსახურებისგან ვხედავთ, არის სახელმწიფო ტერორიზმის ქმედებები", – წერია ФСБ-ს განცხადებაში. 


ვაგნერის ჯგუფი სირიის ომში 2015 წელს ჩაერთო რუსეთის არმიასთან ერთად. ისინი ასევე მონაწილეობდნენ უკრაინა-რუსეთის ომში დონბასის რეგიონში მყოფი სეპარატისტების მხარეს და ლიბიის ომში. ჯგუფის ლიდერი არის დიმიტრი უტკინი. 47 წლის ყოფილი პოდპოლკოვნიკი უტკინი რუსეთის სპეცრაზმში და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში (ГРУ) მსახურობდა. დაჯგუფების მთავარ დამფუძნებლად მიიჩნევა "პუტინის მზარეულის" ზედმეტსახელით ცნობილი რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი, თუმცა თავად დაქირავებულ მებრძოლებთან კავშირს არ აღიარებს. ვაგნერის ჯგუფისა და სირიაში მოქმედი სხვა რუსული დაქირავებული დაჯგუფებების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

რუს დაქირავებულებს ბრალს სდებენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. ასევე იგივე ბრალი ედებათ სირიასა და ლიბიაში.

კომენტარები