ოკუპირებული ყირიმი

ლუკაშენკო: ყირიმი დე ფაქტოდ რუსულია, რეფერენდუმის შემდეგ დე იურედაც რუსული გახდა

ალექსანდრ ლუკაშენკო
president.gov.by

ალექსანდრ ლუკაშენკომ Россия сегодня-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ვიზიტს აპირებს და ნახევარკუნძული დე ფაქტოდ და დე იურედ რუსულია.

"ყირიმი დე ფაქტოდ რუსულია. რეფერენდუმის შემდეგ დე იურედაც რუსული გახდა", – თქვა ლუკაშენკომ. 

"ყირიმში ჩასვლის სრული უფლება მაქვს, ასე ვთქვათ, ვისი პროტექტორატის, ხელმძღვანელობის თუ ვისიც არ უნდა იყოს ყირიმი. ეს ჩემი ყირიმიცაა. პირველად ზღვაზე ყირიმში ვიყავი, ჯერ კიდევ ერთი შვილი როცა მყავდა. ეს ჩემი ყირიმიცაა, გესმით?", – დაამატა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს სიტყვებს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

"თუ ბელარუსი მართლა აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციას, ეს უკრაინა-ბელარუსის ურთიერთობას გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს. მთელი პროგრამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ყირიმი ის საკითხია, სადაც საკუთარ თავს შეკავების უფლებას არ ვაძლევთ", – თქვა კულებამ. 

ყირიმი რუსეთის მიერ 2014 წლის შემდეგაა ოკუპირებული.

კომენტარები