დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

მიგრანტების კრიზისის ფონზე, ლატვიამ ბელარუსის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო

ლატვიელი სამხედროები, 2019 წელი

ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, ლატვიამ, პოლონეთი-ბელარუსის მიგრანტების კრიზისის ფონზე, ბელარუსის საზღვართან 3 000 სამხედრო გადასხა და აქამდე გამოუცხადებელი სამხედრო წვრთნები დაიწყო.

ლატვიის თავდაცვის მინისტრის, არტის პაბრიკსის თქმით, ქვეყანა მზად იქნება, თუკი ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მყოფი მიგრანტები უფრო ჩრდილოეთით, ლატვიისკენ დაიძვრებიან. 

"ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ მათი (მიგრანტების) ნაწილი უფრო ჩრდილოეთით გადაადგილდეს და და ლატვიის საზღვარს მიაღწიონ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ", – თქვა პაბრიკსმა.

"გზავნილი ბელარუსისთვის არის ის, რომ ლატვიის ჯარის გადაადგილება გასართობად არ ხდება", – დაამატა მან. 

ვარჯიშები 12 დეკემბერს დასრულდება. 

პარალელურად, ევროკავშირი მზადაა ბელარუსისთვის ახალი სანქციების დასაწესებლად.


ბოლო თვეში, ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიმავალი მიგრანტების ჯგუფების გამო, სიტუაცია დაიძაბა ბელარუსსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, განსაკუთრებით პოლონეთს შორის. ბელარუსიდან მომავალი მიგრანტების ჯგუფები პოლონეთის საზღვრის გარღვევას ცდილობენ. ვარშავამ საზღვრებზე ჯარისკაცთა რაოდენობა გაზარდა. 

ევროკავშირი მიგრანტების კრიზისს ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილავს. 

ევროკავშირის მიერ, ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესების განხილვას, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მუქარა მოჰყვა, რომ საპასუხოდ ის ევროპის ქვეყნებს ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. 

ბელარუსის ცაში გამოჩნდნენ ბირთვული შესაძლებლობის რუსული ბომბდამშენებიც, რომლებიც, ლუკაშენკოს განმარტებით, მინსკს საზღვრის მეორე მხარის გასაკონტროლებლად სჭირდება. 

ბალტიის ქვეყნებმა გამოაქვეყნეს გაფრთხილება, რომ სასაზღვრო დაძაბულობა, შესაძლოა, ომში გადაიზარდოს.

პარალელურად რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედროების რაოდენობას კვლავ ზრდის. არსებული ცნობებით, აშშ-მ ევროკავშირი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს.

კომენტარები