ავღანეთი

ავღანეთში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 15-ზე მეტი დაშავდა

ავღანეთის ნანგარჰარის პროვინცია ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა და პარასკევის ლოცვის დროს მეჩეთში ბომბი აფეთქდა

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 15-ზე მეტი დაშავდა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, ოფიციალურად არავის აუღია, თუმცა თალიბანის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ აფეთქების მიღმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინცია [ISIS-K / IS-K]  დგას, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია ნანგარჰარის პროვინციაში. 

აღსანიშნავია, რომ მეჩეთებზე თავდასხმა IS-K-ს ხელწერაა, ნოემბერის დასაწყისში ქაბულის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაშავდა. 

2021 წელს ხორასნის პროვინციის მიერ რელიგიურ სალოცავებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 120-ს აღწევს. 

დაწვრილებითი ინფორმაცია ხორასნის პროვინციის შესახებ იხილეთ აქ: 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქაბულის დაცემის შემდეგ, წინააღმდეგობა დაიწყო პანჯშირის პროვინციაში. აქ დაარსდა ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი, რომელსაც აჰმად მასუდი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ამრულაჰ სალეჰი უძრვებიან. მას შემდეგ, რაც თალიბანმა პანჯშირის ხეობაზე შეტევა დაიწყო, მოწინააღმდეგეებმა დიდი ტერიტორიები დაკარგეს. თალიბანი აცხადებს, რომ ხეობაზე კონტროლი მოიპოვეს.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები