მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პატრიარქის მდივანი: სააკაშვილმა დამავალა ილია II-ს გადავცე, რომ ის შიმშილობას გააგრძელებს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა მოინახულა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ბოტკეველმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშბა, რომ ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

"ბატონმა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ. ის გრძნობს მისი უწმინდესი ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ პატივს სცემს მის უწმინდესობას. დამავალა გადავცე უწმინდესობას, რომ ის გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ესაა მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტორების შეტანას, ამ ეტაპზე, არ აპირებს". – ამბობს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

პატრიარქის მდივანმა დღეს, 4 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილს ილია მეორეს წერილი გადასცა. წერილში საქართველოს პატრიარქი ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვდა.

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველი სააკაშვილი მოსანახულებლად 7 ოქტომბერსაც მივიდა და მოუწოდა, შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა.   

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 35-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

3 ოქტომბრეს მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა და თქვა, რომ ის კიდევ უფრო დასუსტებულია და ტესტების პასუხიც გაუარესდა. თუმცა, პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. 

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.

კომენტარები